გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, როგორც ამომრჩევლებს, რომ ავირჩიოთ

 ქვეყნის პრეზიდენტი “ქართველ ამომრჩეველს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა არ უნდა წაერთვას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის თაობაზე მას ჯერ არ მოუსმენია ნათელი არგუმენტი. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, უფრო დეტალურად რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს არსებულ კონსტიტუციურ ვითარებაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესუსტება, მივხვდებით, რომ სერიოზულ სირთულეებთან შეიძლება გვქონდეს საქმე. მისივე განცხადებით, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს საზოგადოების დაკვეთა არ ყოფილა.
„საკითხი დღის წესრიგში დადგა არჩევნების მერე. იყო თუ არა საზოგადოების მიერ დაკვეთა?! არა მხოლოდ არ იყო, არამედ არ არის და ვერც წარმომიდგენია, რანაირად უნდა შეუკვეთოს საზოგადოებამ პოლიტიკურ სპექტრს, რომ უფლება მაქვს და ეს უფლება წამართვი, შენ წაიღეო. ვერ წარმომიდგენია თეორიულადაც კი. არც იყო საზოგადოების დაკვეთა, არც იყო საარჩევნო კამპანიის თემა, მაგრამ მოხდა რა არჩევნების შემდეგ ხელისუფლების კონცენტრაცია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ხელში, ეს გაჩნდა, როგორც ნომერ პირველი გადასაწყვეტი თემა. არადა, ცოტა უცნაურია, რადგანაც ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული პრობლემების წინაშე, მათ შორის, ეკონომიკური პრობლემა, გართულებული უსაფრთხოების საკითხი რეგიონში. აი, სად იყო საზოგადოების დაკვეთა. ეს არის პოლიტიკური პარტიის ხედვა და მათი ხედვა პირველივე კომენტარებში ჩანს, როცა გააცნობიერა, რომ საპარლამენტო და საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები