მანანა კობახიძე: მოსამართლე ყოველგვარ პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა დგას

 „თუ ჩემი კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნება, ყოველგვარი პოლიტიკური ბმა პარლამენტთან, ან ფრაქციასთან, პარტიასთან არის გამორიცხული და მე ვემსახურები მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას“, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მანანა კობახიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოსამართლე ადამიანია, რომელსაც საკუთარი ხედვა აქვს პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებზე.
„მოსამართლე არის ადამიანი, თავისი გარკვეული ხედვით, სიმპათია-ანტიპათიით, პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან. ეს, რა თქმა უნდა, რჩება გვერდზე და საქმის განხილვისას ემყარება მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მხარეთა პოზიციებს, რომელზეც ამყარებ შენს შინაგან რწმენას და კეთილი უნდა ინებო და დაასაბუთო, რას ემყარება ეს შენი შინაგანი რწმენა და მიიღო გადაწყვეტილება. ჩვენ თუ მოსამართლეს ავუკრძალავთ იმას, რომ მას რაიმე ტიპის პოლიტიკური სიმპათია ჰქონდეს ან შეხედულებები გააჩნდეს გარკვეულ საკითხებთან, ასეთ ადამიანს უბრალოდ, ვერ მოვძებნით. მაშინ შეიძლება, მოსამართლეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც ავუკრძალოთ, იმიტომ, რომ ის მიდის და რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას აძლევს ხმას, აქვს სიმპათია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უნდა ხელმძღვანელობდეს ამ სიმპათიით – ის უნდა დადგეს ყოველგვარ პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად მანანა კობახიძის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები