ეკა ბესელია: ძალიან ღიად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე „რუსთავი 2“ -ის და გვარამიას მხრიდან

“ვითარება საკმაოდ გართულდა. როგორც ვხედავთ, ძალიან ღიად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე „რუსთავი 2“ -ის და გვარამიას მხრიდან”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკა გვარამია და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზე საუბრობენ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს არის დასჯადი ქმედება და უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.
“ვითარება საკმაოდ გართულდა. როგორც ვხედავთ, ძალიან ღიად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე „რუსთავი 2“ -ის და გვარამიას მხრიდან. ეს არის კლასიკური მაგალითი სასამართლოზე ზეწოლისა. რამდენიმე მოსამართლემ მიმართა გამოძიებას და როგორც საჯარო ინფორმაციებიდან ვრცელდება, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ მათზე ზეწოლას, რომ მიეღოთ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება. ეს არის დასჯადი ქმედება და ველოდებით გამოძიების დასრულებას. შთაბეჭდილება რჩება, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად ბრძოლა და ფრონტი გაიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ორ პარტიას შორის და ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა არასამართლიანი და არასერიოზულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად და არავის მხრიდან არ იყოს ზეწოლა და სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობა. ჩემთვის მთავარია, სასამართლომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. მედიის თავისუფლება, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკურ დონეზე უზრუნველყოფილია”, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ფაქტები მიუთითებს, რომ ყოფილი ხელისუფლება ერთიანი სქემით ცდილობს “რუსთავი 2-ის” საქმეზე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც სურს.
“საკონსტიტუციო სასამართლოში ადრე განვითარებული პროცესი, მამუკა ახვლედიანის მიმართ არსებული ფაქტები პირდაპირი საფუძველია კორუფციული დანაშაულისა და გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს. ადამიანს უჩნდება მილიონიანი ქონება, რასაც წინ უსწრებს ცნობილი საუბარი. ამ ფაქტებით გვიჩნდება საფუძველი, რომ ეს არის ერთი სქემა და სისტემა, რომლის მიზანია, სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რაც ყოფილ ხელისუფლებას სურს”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ „Українська революція“-მ მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. გამოცემის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი. ისმის ორი მოსამართლის გვარი – ალავიძე და ახვლედიანი,  როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთანავე, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“.
ამასთან, ჩანაწერში  ნიკა გვარამია სავარაუდოდ, ყარამანაშვილს ავადმყოფს უწოდებს და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ „მასთან საუბრის თავი არ აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები