არჩილ თალაკვაძე ყოფილ ხელისუფლებაზე: მოსამართლეებზე აგროვებდნენ კომპრომატებს და არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც იყენებენ

“ეს არ იყო ბრიფინგი, ეს ჰგავდა აივანზე მდგარი მჩაგვრელი ბატონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ – ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
როგორც თალაკვაძემ პორტალ „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, დღევანდელი ბრიფინგიც და ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებიც სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის, აღნიშნული ინსტიტუტის საქმიანობაში ჩარევის აშკარა მცდელობაა.
„ეს არ იყო ბრიფინგი. ეს ჰგავდა აივანზე გადმომდგარი, უსამართლო, მჩაგვრელი თავადის მიერ გლეხებისადმი საუბარს. ზუსტად ასეთი ტონით ესაუბრება გვარამია საზოგადოებას და ეს უნდა დამთავრდეს. ეს ყოველგვარ მედიასტანდარტებს სცდება. ჩვენ გვაქვს სერიოზული შეკითხვები და ამ შეკითხვებს მოკლე დროში უნდა გაეცეს პასუხი. სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ არსებობს სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევის სერიოზული მცდელობები. მე მოვუწოდებ ამ ტიპის ბრიფინგებს და სასამართლოზე შეტევას თავი დაანებონ, აცადონ სასამართლოს მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება, რისი საშუალებაც სასამართლოს არ ეძლევა ბოლო თვეების განმავლობაში“, – განუცხადა „კვირას“ არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდი მწვავედ გააკრიტიკა. მისი შეფასებით, სწორედ ყოფილი მმართველი ძალა ერეოდა მედიისა და სასამართლოს საქმიანობაში. თალაკვაძის თქმით, ყოფილი ხელისუფლება მოსამართლეებზე კომპრომატებს აგროვებდა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ გამორიცხავს, რომ ისინი დღესაც იყენებდნენ ამ კომპრომატებს.
„5 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, ქვეყანაში მედია არის თავისუფალი, კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, თავისუფლად საქმიანობს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევა არ ხდება. თავისუფალი მედია და ადამიანების უფლებების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერს კომუნიკაცია რომ ჰქონოდა „რუსთავი 2“ -ის ან რომელიმე სენსიტიურ საქმესთან დაკავშირებულ მოსამართლეებთან… მხოლოდ კომუნიკაცია რომ ჰქონოდა, თავი დავანებოთ იმ შესაძლო ვერსიებს, რაზეც საუბარია ამ ჩანაწერებში, რადგან ეს არის პროკურატურის შესწავლის საგანი, თუმცა თვითონ ის ფაქტი, რომ კომუნიკაცია მოსამართლეებთან არსებობს, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ სურთ, გავლენა მოახდინონ სასამართლო ხელისუფლებაზე და მათ პრეროგატივაში ჩაერიონ.
მოსამართლეებთან ამ ტიპის კავშირები ცალსახად საეჭვოა და აჩენს სერიოზულ შეკითხვებს. ტელევიზიების მრავალჯერადი წართმევა სასამართლოს ტოტალური კონტროლი, მონოპოლია ძალაუფლებაზე, ადამიანების უფლებების დარღვევები – ეს არის სწორედ ოპოზიციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების სტილი და ჩვენ ეს არასოდეს არ გაგვიკეთებია. სასამართლო ვის დროს იყო დამოუკიდებელი, ამის შეფასება საზოგადოებას მარტივად შეუძლია – მათი მმართველობის დროს სასამართლო ნოტარიუსად იყო გადაქცეული, სამართლიანი გადაწყვეტილებები ძალიან იშვიათად მიიღებოდა. მოსამართლეებზე აგროვებდნენ კომპრომატებს და არ გამოვრიცხავ, რომ დღესაც იყენებენ. სასამართლოს მართავდნენ პოლიტიკური პირები. გაიხსენეთ გვანცა ყუფარაძის, სანდრო გირგვლიანის, ბახუტოვის საქმეები, ეს საქმეები რეალურად წარმოაჩენს, თუ როგორი იყო სასამართლო მათ დროს, დღეს რომ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ეს არის თვალთმაქცობა და ფარისევლობის კლასიკური მაგალითი“, – განუცხადა „კვირას“ არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ „Українська революція“-მ მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. გამოცემის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი. ისმის ორი მოსამართლის გვარი – ალავიძე და ახვლედიანი, საიდანაც, როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთან, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“.
ამასთან, ჩანაწერში, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია ყარამანაშვილს ავადმყოფს უწოდებს და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ „მასთან საუბრის თავი არ აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები