მამუკა მდინარაძე: თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა გვარამია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე უკრაინული გამოცემის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია და ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებენ.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
“გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჩანაწერების ავთენტურობა. რაც შეეხება შინაარსს, ამაში გასაკვირი არაფერია, ეს არის მათი სტილი. თუნდაც მონტაჟი იყოს, საინტერესოა, რა მილიონებზე საუბრობდა (გვარამია). ჩანაწერების ავთენტურობა სანამ არ დადგინდება, კონკრეტული ბრალდებები არ შეიძლება გამოითქვას, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მათი მოქმედებების სტილი”, – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება გვარამიას მხრიდან ჩანაწერების გამოქვეყნებაში სუს-ის დადანაშაულებას, მდინარაძის თქმით, ყველა ქვეყანაში ადვილია დადანაშაულება კონკრეტული თანამდებობის პირის თუ ხელისუფლების.
შეგახსენებთ, რომ „Українська революція“-მ მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. გამოცემის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საუბარს ასახავს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი. ისმის ორი მოსამართლის გვარი – ალავიძე და ახვლედიანი. როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ალავიძე „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეა. ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული პირები 3 მილიონის გაცემაზე საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ „3 მილიონი სალაპარაკოც არ უნდა იყოს“, ამასთან, ამბობს, რომ „ახვლედიანმა ალავიძეზე ბევრად უფრო მეტი ფასის საქმე შეასრულა“.
ამასთან, ჩანაწერში, სავარაუდოდ, ნიკა გვარამია ყარამანაშვილს ავადმყოფს უწოდებს და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს. ის ამბობს, რომ „მასთან საუბრის თავი არ აქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები