ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და გასულ კვირას ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიღებულ დადებით გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველომ მიღწეული წარმატებისთვის ბევრი იმუშავა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართულებითაც. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპულ ინტეგრაციას საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის არის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პასუხისმგებლობაც, რომლისთვისაც ქვეყანა სრულად არის მზად.
ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და საქართველოს კონსტიტუციაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ ჩანაწერზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან. მისივე თქმით, პარლამენტი აპირებს აქტიურად ჩაერთოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივების განხილვაში.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობა და რუსეთთან მიმართებაში, საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა, რომლის მიზანი წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე დაძაბულობის შემცირებაა.
კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნო. შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები