რუსთაველზე მომხდარი ავარიისას დაღუპული სოფო ბერიძის დედა: დაე, მე ვიყო ბოლო, ვინც შვილი მიწას მიაბარა

“სოფოს დაკრძალვის წინა დღეს სოფოს მამა – გიორგი გაუჩინარდა და დღემდე არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი”, – ამის შესახებ, 24 იანვარს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი სოფო ბერიძის ახლობელი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„სოფოს დაკრძალვის წინა დღეს სოფოს მამა – გიორგი გაუჩინარდა და დღემდე არავინ იცის მისი ასავალ-დასავალი. კაცი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია. სოფოს ოჯახში ენით აუწერელი უბედურება ტრიალებს. ეს არ კმაროდა, რომ ჭორი გაავრცელეს, ოჯახი ავარიაში დამნაშავეს გაურიგდა და ფული აიღოო. ეს ოჯახი შვილის ხსოვნას ფულზე არ გაყიდის“, -აცხადებს ოჯახის ახლობელი.
“კვირის პალიტრა” დაღუპული სოფო ბერიძის დედასაც დაუკავშირდა.
„როცა საუბარი და მითქმა-მოთქმა დაიწყო იმაზე, ავარიაში დამნაშავის ოჯახი სოფოს მშობლებს გაურიგდაო, ისედაც გაუბედურებული, ამან საერთოდ გამაგიჟა. სამძიმარზე ორჯერ იყვნენ იმ ოჯახის წევრები მოსული, მათ სამძიმარი ნამდვილად უნდა ეთქვათ ჩემთვის, ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს და არ უნდა მოესამძიმრებინათ? ჩემი შვილის სახელი ფულზე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება. რისთვის უნდა სოფოს დედას სოფოს შემდეგ ფული?!.. ჩემს ტკივილს აწი არაფერი შეამსუბუქებს. როდესაც გავიგე, რომ თითქოს დამნაშავეს ხელს აფარებენ, ეს ვერ ავიტანე. როგორ, კანონი არ უნდა არსებობდეს და გამწარებული დედა უნდა ფიქრობდეს იმაზე, დაიჭერენ თუ არა შვილის სიკვდილში დამნაშავეს? დამნაშავეს შვილმკვდარ დედაზე მეტად გამოძიების და სასამართლოსი უნდა ეშინოდეს, რომელთა ობიექტურობის იმედი ჯერ კიდევ შემრჩენია. არავინ მძულს, არავის ვწყევლი, არც ერთი ადამიანის გამწარებას არ ვთხოვ უფალს. ღმერთმა ყველას შვილი დაიცვას განსაცდელისგან. დაე, მე ვიყო ბოლო დედა, ვინც შვილი მიწას მიაბარა“, ­- აცხადებს შორენა მუშკუდიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები