ქეთევან ციხელაშვილი: კიდევ უფრო გააქტიურდება მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა გიუნაშვილის გათავისუფლებას მივაღწიოთ

გიუნაშვილის დაკავების დღიდან, 2016 წლის ივნისიდან, ქართული მხარე მისი გათავისუფლების საკითხს ყველა შეხვედრაზე აყენებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან კიდევ მეტად გააქტიურდება, რომ გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდეს. “გიუნაშვილის დაკავების დღიდან, 2016 წლის ივნისიდან, ქართული მხარე მისი გათავისუფლების საკითხს ყველა შეხვედრაზე აყენებს. ჩვენ ვერ და არ შევალთ ამ ეგრეთწოდებული გადაწყვეტილების, მითუმეტეს გაუგებარი ბრალდებების განხილვაში. ცალსახაა, რომ ადამიანი უკანონოდ დაკავებულია. ეს ქართული მხარისთვის ყველა შესაბამისი ფორმატის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება. კიდევ უფრო გააქტიურდება ჩვენი მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა მის გათავისუფლებას მივაღწიოთ”, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების უკანონო აღკვეთა მიუსაჯა. სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2016 წლის 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ცხინვალის თვითაღიარებული ხელისუფლება ირწმუნება, რომ გიორგი გიუნაშვილი მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა. მათივე მტკიცებით, გიუნაშვილი გასულ წლებში მონაწილეობას იღებდა „ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები