სროლა ტალინის სასტუმროში – პოლიციის ვერსიით, თავდასხმაში ქართველი „კანონიერი ქურდები“ მონაწილეობდნენ

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 2 თებერვალს სასტუმრო „მეტროპოლში“ მომხდარ სროლაში, პოლიციის ვერსიით, ქართველი „კანონიერი ქურდები” მონაწილეობდნენ. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა “delfi.lv” იუწყება.
პოლიცია შემთხვევის ადგილზე სროლიდან 5 წუთში მივიდა, თუმცა თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, 50 წლისაა. მასთან ერთად სასტუმროში სულ მცირე, ორი პირი იმყოფებოდა, რომლებიც ასევე მიიმალნენ.
როგორც ესტონეთის პროკურატურის წარმომადგენელი სასკია კასკი იუწყება, დაჭრილი, რომლის სახელი იგორია და თავდამსხმელები, სავარაუდოდ, ერთმანეთს იცნობდნენ. 45 წლის იგორი, რომლის გვარიც არ სახელდება, „კანონიერი ქურდის“ “ახმედის“ „მარჯვენა ხელად” ითვლება.
გამოცემა “Eesti Päevaleht”-ი წერს, რომ ესტონეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდები“ დანაშაულებრივ სამყაროში ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ. გამოძიება ვარაუდობს, რომ მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა და კიდევ ერთი პირი ქართველი „კანონიერი ქურდები” არიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ციხიდან გაათავისუფლეს.
გამოცემა ასევე წერს, რომ “კანონიერ ქურდებს“ ესტონეთში დამკვიდრების მცდელობა ადრეც ჰქონდათ, თუმცა ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ესტონეთში არსებული ორგანიზებული დანაშაულის ლიდერი – ნიკოლაი ტარანკოვი გასული წლის სექტემბერში მოკლეს. ახლა დანაშაულებრივი სამყარო ახალ ლიდერს ეძებს, რომელიც მას ჯერ არ ჰყავს. ასე რომ, სახეზეა გარჩევები, ძალაუფლების მოპოვების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები