2017 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინო 184%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 322 733 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 184%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც „კვირას“ ღვინის სააგენტოდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 8.8 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 141%-ითმეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
„იანვრის თვეში ექსპორტის მატება დაფიქსირდა ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ის და ასევე, ტრადიციული საექსპორტო ბაზრების მიმართულებით. 2016 წელი წარმატებული აღმოჩნდა ქართული ღვინის ექსპორტისთვის – ზრდამ 2015 წელთან შედარებით, 40%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი წლის დასაწყისიდანვე აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ღვინის სექტორთან ერთად დაგეგმილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
რუსეთი (2 861 471 ბოთლი);
უკრაინა (402 858);
ჩინეთი (372 440);
პოლონეთი (156 302) და ყაზახეთი (106 284).
ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება:
ჩინეთი – 725% (372 440);
ესტონეთი – 250% (48 432);
რუსეთი – 198% (2 861471);
ყირგიზეთი – 186% (38 700);
ყაზახეთი – 164% (106 284);
დიდი ბრიტანეთი 113% (14 328);
უკრაინა – 102% (402 858);
აშშ – 100% (32 940);
ლატვია – 84% (61 128);
პოლონეთი – 37% (156 302);
ლიტვა – 21% (54 228).
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 8 ქვეყანაში ექსპორტირებულია 896 986 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 59%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სულ ექსპორტირებულია 2,25 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 49% შეადგინა. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა, საანგარიშო პერიოდში, 21,7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2016 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 6,6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 229% შეადგინა.