ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება: შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა აფხაზეთის მოსახლეობას არ შეეხება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა აფხაზეთის მოსახლეობას არ შეეხება. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„სრულიად ნათელია, რომ „ნეიტრალური პასპორტების“ ინიციატივის ჩაშლის შემდეგ, საქართველომ აფხაზეთისთვის კიდევ ერთი სატყუარა მოიფიქრა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესების სახით“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს არის თბილისის ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რათა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში ჩართონ.
„თბილისის ეს მცდელობა, ისევე როგორც წინა მცდელობები, განწირულია“, – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.
სოხუმში ასევე აცხადებენ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებას მართლაც აწუხებს აფხაზეთის მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების პრობლემები, მან რეგიონის საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკაზე უარი უნდა თქვას. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ თბილისის ამ განცხადებას ავანტიურა უწოდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მოქალქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებაზე გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლით ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ.