„ვაჟა მანიას კვარტეტი“ ნიუ-იორკის საერთაშორისო ჯაზკონკურსის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა

MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის ქართველი მონაწილეები სპეციალური პრიზით დაჯილდოვდნენ – ვაჟა მანიამ და პაპუნა შარიქაძემ მიიღეს მიწვევა და ისინი 20 მაისს, ნიუ-იორკში გამართულ კონკურსის შემაჯამებელ გალაკონცერტზე ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ამ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
„ვაჟა მანიას კვარტეტი” (ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) იმ შემსრულებელთა შორის მოხვდნენ, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.
კონკურსის ჟიურის წევრებმა – LENNY WHITE, RANDY BRECKER  და  MIKE STERN, რომლებიც ყველაზე პრესტიული მუსიკალური ჯილდოს – “გრემის” მფლობელი და მრავალგზის ნომინანტი მუსიკოსები არიან, არჩევანი ინსტრუმენტალისტებზე შეაჩერეს.
კონკურსის საპრიზო ადგილები საფრანგეთის, ავსტრიისა და ტაილანდის წარმომადგენლებს ერგოთ. თუმცა,
MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და კონკურსის ათეულობით მონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.
ყოველწლიურად მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გალა-კონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს ნიუ იორკში TRIBECA PERFORMING ARTS CENTER-ში იმართება. შემდგომ MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL მოგზაურობას იწყებს სხვადასხვა ქვეყნებში.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა მანია და პაპუნა შარიქაძე ბერკლის სამუსიკო კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები არიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრომ 2013 წლიდან 2016 წლის ჩასთვლით 98 ახალგაზრდას დაუფინანსა უცხოეთში სწავლა. მათ შორის არიან თეატრის, კინოს, მუსიკის და კულტურის სხვადასხვა სფეროს მიმართულებით მომუშავე ახალგაზრდა ხელოვანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები