ირაკლი ბერაია: მთავარი ამოცანა ისეთი მოდელის შექმნაა, რომელიც უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს

,,ფარული მოსმენის” საკითხზე კონკრეტული პროექტი უკვე მზადაა. კანონპროექტის შესახებ, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახურულ სხდომაზე უკვე იმსჯელეს. ძირითადი მიმართულებები უკვე განსაზღვრულია, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს გარკვეული დეტალების დაზუსტება და ამა თუ იმ კითხვაზე პასუხის მიღება კიდევ სურთ. შესაბამისად, უახლოეს მომავალში, ,,ფარულ მოსმენებთან” დაკავშირებით, საინტერესო საპარლამენტო მოსმენებს უნდა ველოდოთ, რომელთა შემდეგ, არაა გამორიცხული, კანონპროექტში ცვლილებები კიდევ შევიდეს.

შემუშავებული კანონპროექტის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ისაა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ცალკე გამოიყოფა და ე.წ. გასაღები გადავა სსიპ-ში, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება. ახალი, ე.წ. მეორე გასაღები კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ხელში იქნება.

სსიპ იქნება სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მაგრამ დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მნიშვნელოვანია ისიც, ვინ დაიკავებს ამ ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობას. პროექტის თანახმად, ხელმძღვანელი პირის არჩევის წესი საკმაოდ ჩართულობითი იქნება: სპეციალური კომისია კანდიდატს წარუდგენს პრემიერს, რომელიც, მოწონების შემთხვევაში მას დანიშნავს. კანდიდატურა შესაბამისი პროფესიული გამოცდილების მქონე უნდა იყოს, რომელსაც ექნება სანდოობის მაღალი ხარისხი და მსგავსი ორგანიზაციის მმართველობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მკაცრდება კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა სწორედ ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და კონტროლის ეფექტური მექანიზმების არსებობაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პროექტის შემუშავებისას, მაქსიმალურად ეცადნენ, ეს მოთხოვნები და სტანდარტი დაეკმაყოფილებინათ.
ამ ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლები, პროექტს დადებითად აფასებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ცვლილებები ეფექტური იქნება. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის აზრით, წარმოდგენილი ინიციატივების გატარების შემდეგ, საქართველოში იქნება სისტემა, რომელიც რეალურად დაიცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათ სიცოცხლეს და სტაბილურობას ქვეყანაში: ,,ინიცირებული იქნება კანონთა ახალი პაკეტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და უნდა გითხრათ, რომ შემუშავებული დებულებები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობილ გადაწყვეტილებაში მოცემულ მოთხოვნებთან. მნიშვნელოვანია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ფუნქცია გამოიყოფა ცალკე და გადაეცემა სსიპ-ს, რომელსაც თვითონ არ ექნება საგამოძიებო ფუნქციები და საგამოძიებო მიზნებისთვის ამ ინფორმაციის გამოყენების საჭიროება. ძლიერდება კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. ბუნებრივია, აქ იგულისხმება საპარლამენტო კონტროლი, პარლამენტის ნდობის ჯგუფის უფრო გაუმჯობესებული მანდატი. აქ არის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და ანგარიშვალდებულების სხვა მექანიზმები. მივიღებთ მაღალ ხარისხს ანგარიშვალდებულების და ამ სისტემით, მეტად დაცული იქნება ფარული მიყურადება ნებისმიერი გარეჩარევისაგან. ეს ქმნის მეტ გარანტიას, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევის რისკი შემცირდეს და დავიდეს მინიმუმამდე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები მომზადებულია იმგვარად, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები არ დაზარალდეს, მითუმეტეს, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ქვეყნის სტატუსით აკეთებს პოზიციონირებას, ჩვენი პრიორიტეტი კი, სტაბილური და სწრაფი, ეკონომიკური განვითარებაა”.

,,ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტი შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნასთან. მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მონაწილეობას: ,,პროექტში ჩადებულია უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენი საზოგადოება იქნება დაცული. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უპრეცედენტო მექანიზმებია შემოღებული, სასამართლო კონტროლს ემატება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი და ამას ემატება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სააგენტო. ეს ყველაფერი გვაძლევს უპრეცედენტო დაცულობის გარანტიას. მაღალი ლეგიტიმაცია ექნება ამ ორგანოს ხელმძღვანელსაც. მას პრემიერ-მინისტრი დანიშნავს კომისიის წარდგინებით. კომისიაში იქნებიან პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, რაც დამოუკიდებელ ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, არც ერთ სახელმწიფოში განხორციელებულა. ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების დრო. უსაფრთხოების ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამ ყველაფერს ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ”.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით კი, ფარული მოსმენების ახალი პროექტი იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის: „ეს იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის. ამ ორი ძალიან ღირებული უფლების დაცვას ემსახურება ეს ახალი მოდელი. ჩვენ კიდევ ერთი, დამატებითი გასაღები შემოგვაქვს, რომელიც ექნება უზენაეს სასამართლოში კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს, როგორ მიმდინარეობს ამ მიზნისთვის საგამოძიებო მოქმედებები”.

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოების კუთხით ფარული მოსმენის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა, მით უმეტეს დღეს, რეგიონში შექმნილი ვითარებისა და გახშირებული ტერაქტენის ფონზე და როგორია ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკა? ამის გასარკვევად, ,,ვერსია” დეპუტატს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაიას დაუკავშირდა:

_ ბატონო ირაკლი, რეგიონში შექმნილი ვითარებისა და გახშირებული ტერაქტების ფონზე რა დატვირთვა აქვს საქართველოში მოსმენების შესახებ კანონში ცვლილების გატარებას?

_ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, ზოგადად საქართველოს უსაფრთხოების გარემოს სპეციფიკის, იმ საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებებისა და უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის ეფექტურობა. აღნიშნული კი დიდწილადაა დამოკიდებული სწორედ იმ სამართლებრივ და პირველ ყოვლისა საკანონმდებლო რეგულაციებზე, რასაც ემყარება ამ მიმართულებით პრაქტიკული საქმიანობა. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი ამოცანა კი ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. შემოთავაზებულმა მექანიზმმა უნდა შეძლოს საფრთხეების პრევენცია, მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგადად ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებს ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრი, არა მარტო საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, არამედ საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს როგორც რეგიონულ, ასევე გლობალურ უსაფრთხოებაში. არსებობს ტერორისტული საფრთხეები, მასობრივი განადგურების იარაღისა და მისი შექმნისთვის საჭირო მასალების გავრცელების რისკი და სხვა. შესაბამისად ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ჩვენზე დიდ იმედებს ამყარებენ და არანაკლებ დაინტერესებული არიან საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობით.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ამ საქმიანობის განხორციელებისას დაცული იყოს ადამიანის უფლებები. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ადამიანი, მისი ღირსების და უფლებების დაცვაა. ჩვენმა გუნდმა ეს არაერთგზის დაამტკიცა. დებულებები, რომლებიც ახალ ინიციატივაშია ასახული, ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიებისა და კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის ნათელი დადასტურებაა.

_ საერთაშორისო საზოგადოება ახსენეთ. როგორია ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკა და ყველაზე მისაღები, ეფექტური მოდელი?

_ მსოფლიოში არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი იმაზე, რომ უნდა არსებობს ისეთი სისტემა, როგორც რეგულაციების ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, რომელიც შეძლებს, პირველ ყოვლისა, საფრთხეების პრევენციას და მათთან ეფექტურ ბრძოლას, რასაკვირველია, ზედამხედველობის შესაბამისი მექანიზმების პირობებში.
არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მექანიზმი განსხვავებულია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და აშშ. თუმცა, დიდი ბრიტანეთის სამთავრობო კომუნიკაციების ცენტრის საქმიანობაზე ყოველდღიურ ზედამხედველობას საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ახორციელებს, ხოლო აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო თავდაცვის დეპარტამენტის შემადგენლობაშია. ორივე უწყება უსაფრთხოების პროფილის დაწესებულებაა. ქვეყნების უმრავლესობაში კი, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს უსაფრთხოების სამსახურების (მათ შორის საგამოძიებო უფლებამოსილების მქონე უსაფრთხოების სამსახურები) შემადგენლობაში არსებული დანაყოფები ახორციელებენ.
რაც შეეხება ზედამხედველობას, ყველგან აპრობირებულია სამთავრობო (აღმასრულებელი ხელისუფლების), საპარლამენტო და სასამართლო კონტროლის მექანიზმები.

_ როგორ აფასებთ წარმოდგენილ პროექტს და მასში უმნიშვნელოვანესი სიახლე რა არის?

_ წარმოდგენილ პროექტს, უდავოდ, დადებითად ვაფასებ. იქმნება ახალი, დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. ამ უწყებას არ ექნება საგამოძიებო უფლებამოსილება და ინფორმაციის მოპოვების პროფესიული ინტერესები. მისი ხელმძღვანელი დაინიშნება პრემიერ-მინისტრის მიერ, ხოლო კანდიდატურას შეარჩევს საკონკურსო კომისია. იზრდება გარე კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები. იზრდება პარლამენტის ნდობის ჯგუფის საზედამხედველო უფლებამოსილება. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს სასამართლო კონტროლის მექანიზმი. პროცესს ასევე გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. განხორციელდება საპროკურორო ზედამხედველობა. ახალ სამსახურზე ზედამხედველობის სტანდარტი გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა ქვეყნებში.

_ რამდენად მნიშვნელოვანია საგამოძიებო ფუნქციების ცალკე გაყოფა და მათი სსიპ-ისთვის გადაცემა?
_ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილების ცალკე გამოყოფა და დამოუკიდებელი უწყებისთვის გადაცემა განპირობებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში მთავარი ამოცანა ისეთი მოდელის შექმნაა, რომელიც უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს.

_ ე.წ. მეორე გასაღების მოსამართლისთვის გადაცემა რამდენად შეუწყობს ხელს ზოგადად უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას?
_ წარმოდგენილი მოდელით, მოსამართლისთვის ერთი ე.წ. გასაღების გადაცემა ერთის მხრივ, არანაირად არ ამცირებს უსაფრთხოების ხარისხს და მეორეს მხრივ, ზრდის ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიებს.

წყარო:  “ვერსია” 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები