ბიძინა ლებანიძე: რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ დღეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მინიმალურზე მინიმალური შედეგები აქვს

“რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ დღეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს მინიმალურზე მინიმალური შედეგები აქვს”,- ამის შესახებ
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ვითარება რთულია, რადგან ეს არის კლასიკური გამოფიტვის ომი, სადაც წაგებული იქნება ის მხარე, რომელიც უფრო მალე დანებდება.

“ერთადერთი წინსვლა რუსეთსა და უკრაინას­ შორის ტყვეების გაცვლა და აშშ-ისა და რუსეთის გარკვეული სამხედრო დიალოგის აღდგენაა, სხვა საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა. ყველა მიმომხილველი და ასევე რუბიოც პესიმისტურად არიან განწყობილი და ზავის მიღწევის პერსპექტივა სიტუაციიდან გამომდინარე უიმედოდ მიაჩნიათ. ვითარებას ისიც ართულებს, რომ მსოფლიოს ყურადღება ამჟამად ირანის საკითხზეა გადართული, სადაც სამხედრო ძალის მობილიზება და პოლიტიკური ლიდერშიპის კონცენტრაციაა, რის გამოც უკრაინის საკითხის გარკვეულ იგნორირებას ვხედავთ.

თუმცა ამ ფაქტორის გარეშეც ომის დამთავრების საქმეში წინსვლა არ შეინიშნება. ევროპელები, კერძოდ, გერმანელები, აცხადებენ, რომ რუსეთთან ცალკე მოლაპარაკების არხებს არ გახსნიან, რათა არ დაირღვეს დასავლური სოლიდარობა ამერიკასთან. ამ ფონზე ემანუელ მაკრონმა წამოიწყო ინიციატივა პუტინთან პიროვნულ დონეზე დიალოგის აღსადგენად, რასაც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან რუსეთთან მხოლოდ დიპლომატია, როგორც ბევრჯერ დამტკიცდა, შედეგს არ იძლევა.

საინტერესოა გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, რუსეთი შეიარაღებაზე კოლოსალურ თანხებს ხარჯავს. 2025 წელს რეალური სამხედრო ხარჯები ოფიციალურზე ბევრად მეტი იყო და დაახლოებით 250 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც სახელმწიფო დანახარჯების თითქმის ნახევარი და მშპ-ის 10%-ია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი დღეს სრულად სამხედრო ეკონომიკაზეა გადასული, თუმცა ასეთი ტემპის დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელია. საშუალოვადიან პერსპექტივაში თავად რუსეთიც დაინტერესებულია ომის დასრულებით ან სამხედრო მოქმედებების მასშტაბის შემცირებით. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის სანქციები ნელა მოქმედებს და იანვარში ნავთობიდან შემოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რუსეთს დღეს მაინც აქვს სამხედრო უპირატესობა, განსაკუთრებით დრონების წარმოებაში. ამ უპირატესობის გამო გასულ­ წელთან შედარებით უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მართალია, ფრონტის ხაზზე რუსები სწრაფად ვერ მიიწევენ, მაგრამ დიდ ზიანს აყენებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ეს დაღლის ომია, სადაც უკრაინას ძალიან უჭირს, რადგან ამერიკა და ევროპა მას საკმარისად ვეღარ ეხმარებიან. ორივე მხარეს შეინიშნება ომით გადაღლილობა, თუმცა რუსეთი ფიქრობს, რომ ბრძოლის გაგრძელებით უკეთეს პირობებს მიიღებს, უკრაინას კი ისეთი გარანტიები სჭირდება, რომ ომის შეწყვეტა რუსეთმა ძალის მოსაკრებად და მომავალში უფრო მეტი ტერიტორიის წასართმევად არ გამოიყენოს.
ვითარება რთულია, რადგან ეს არის კლასიკური გამოფიტვის ომი, სადაც წაგებული იქნება ის მხარე, რომელიც უფრო მალე დანებდება. ყველაზე ლოგიკურ სცენარად შეიძლება მივიჩნიოთ პროცესის გადაქცევა გაყინულ კონფლიქტად, სადაც სამხედრო მოქმედებები შენელდება და ფრონტის ხაზი სტატიკური გახდება, მეორე შესაძლო სცენარი კი ომის დასრულებაა უფრო სტაბილური ზავითა და შეთანხმებით, თუმცა ამისთვის უკრაინა კატეგორიულად მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ უკრაინას ამ ეტაპზე უსაფრთხოების გარანტიებს არავინ აძლევს. ამერიკელები პირდაპირ გარანტიებზე თავს იკავებენ და უკრაინას სთავაზობენ, რომ ჯერ ომი დასრულდეს, მოხდეს დონბასის იმ დარჩენილი ტერიტორიის დემილიტარიზაცია, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, და მხოლოდ ამის შემდეგ ამოქმედდეს უსაფრთხოების მექანიზმები. უკრაინელებს ამ დაპირებების არ სჯერათ, ევროპელები კი საერთოდ ჩუმად არიან, არ სურთ საკუთარი ჯარების ჩაყენება რეგიონში ომის დასრულებამდე.

შესაბამისად, დასავლეთი ვერ აძლევს უკრაინას იმ მთავარ გარანტიას, რომელსაც ის ამდენი ხანია ითხოვს. ამ ფონზე დონბასის დარჩენილი ტერიტორიის დემილიტარიზაცია უკრაინისთვის, ფაქტობრივად, სუიციდის ტოლფასია, რადგან სწორედ ამ გამაგრებული რკალითა და ფორტიფიკაციებით ახერხებენ რუსეთის შეჩერებას. ამ თავდაცვითი ზღუდეების მოხსნის შემთხვევაში რუსეთი ძალიან მარტივად შევა უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე…

რუსეთ-უკრაინის ომისა და ირანის კრიზისის ურთიერთკავშირზე მსჯელობისას უნდა ითქვას, რომ ამერიკის ინტერესის ახლო აღმოსავლეთისკენ გადახრა კიდევ უფრო ამცირებს მათ ჩართულობას უკრაინაში. ამერიკის სამხედრო ინფრასტრუქტურა ფაქტობრივად მობილიზებულია ირანის ირგვლივ. თუ ამერიკასა და ირანს შორის ომი დაიწყო და რეჟიმის დამხობა­ სცადეს, ეს გამოიწვევს დიდ არეულობას, რომელიც მხოლოდ რეგიონულ ქვეყნებს კი არა, ევროპასაც შეეხება. ევროკავშირი კი აკრიტიკებს ირანის რეჟიმს, მაგრამ იქ ქაოსი არ აწყობს, რადგან რეჟიმის შეცვლა ასე მარტივად არ ხდება და შესაძლოა სამოქალაქო ომი გამოიწვიოს. ირანის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ქვეყანაში მყოფ რამდენიმე მილიონ ავღანელ ლტოლვილს თურქეთის გავლით ევროპისკენ გაუშვებს. თავის მხრივ, თურქეთიც აცხადებს, რომ ლტოლვილთა ახალ ნაკადებს აღარ დაიტოვებს და მათაც ევროპისკენ გაატარებს. ევროპისთვის ეს დიდი თავსატეხია – ჯერ ერთი, ავღანელი ლტოლვილები და მეორე – თავად ირანიდან წასული მასა. ამასთან, კონფლიქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის ფასების მატება, განსაკუთრებით თუ ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტება. ასე რომ, ირანში ნებისმიერი არეულობა უარყოფითად აისახება უკრაინის პოზიციებზე.

რაც შეეხება რუსეთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან მათი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად შეამციროს. მართალია, რუსეთი ირანიდან “შაჰიდის” დრონების იმპორტს ახდენს, მაგრამ მათი წარმოება უკვე თავად რუსეთშიც დაიწყეს. შესაბამისად, ჰიპოთეზური სცენარის შემთხვევაშიც კი, თუ ირანში რეჟიმი დაემხობა, ეს საბოლოოდ უკრაინისთვის უფრო მეტი ნეგატიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თუკი ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტება, ამის გამო შემცირდება ნავთობის მიწოდება და მისი ფასი აიწევს გლობალურ ბაზარზე, რაც, რა თქმა უნდა, ისევ რუსეთს ახეირებს”,- განაცხადა ლებანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები