ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო – “საზღვარზე” გამშვები პუნქტების გახსნა და მათი დახურვა ჩვენი სუვერენული უფლებაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საზღვრის მოწყობა და გამაგრება „აფხაზეთის სუვერენული უფლებაა“. სწორედ ასე უპასუხეს სოხუმში „ნაბაკევის“ გამშვები პუნქტის დახურვასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩისა და საქართველოში გაეროს წარმომადგენელთა კომენტარს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.
კერძოდ, აშშ-ის ელჩმა და გაერომ სოხუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვასთან დაკავშირებით, აღშფოთება გამოხატეს, ისინი აღნიშნავენ, რომ ეს ფაქტი ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას გაურთულებს. კერძოდ, გართულდება გალის რაიონის მოსახლეობის წასვლა საქართველოში სამკურნალოდ, ქორწილში ან გასვენებაში.
„ეს არის ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. გაეროს წარმომადგენლები გალის რაიონის მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვით შეშფოთებულები არიან, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას იმ გარემოებას, რომ საქართველოს პოლიტიკის გამო, მთელი აფხაზეთი საერთაშორისო იზოლაციაშია“, – აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.
დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ოტობაიას და ნაბაკევის მოსახლეობისთვის საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვამდე სპეციალური ავტობუსი დაინიშნა, რომლითაც ისინი ენგურის ძირითად გადასასვლელამდე ჩასვლას შეძლებენ, ხოლო თავად ამ პუნქტის გამტარიანობა გაზრდილია. საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირების გამო, რამდენიმე დღის წინ სოფელ ნაბაკევის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელშიც 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები