კილბა: გალის რაიონში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მიტინგები საქართველოს ტერიტორიაზე გამართონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ მოუწოდა გალის რაიონის მოსახლეობას, რომ ისინი ზღვარს არ გადავიდნენ. კილბამ ეს გალის რაიონში 2 დღის წინ გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა. სოფელ ნაბაკევის მოსახლეობა ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას აპროტესტებდა. მათ 25 იანვარს საავტომობილო გზა გადაკეტეს.
„მინდა მივმართო გალის რაიონის მოსახლეობას-არ ვურჩევ მათ, რომ ზღვარს გადავიდნენ. ეს გადაწყვეტილება სოხუმის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო და ის არ შეიცვლება,“ – განაცხადა კილბამ. მან ასევე დაამატა, რომ თუ გალის რაიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიტინგის ჩატარება სურთ, ისინი „საქართველოში უნდა გადავიდნენ და აქციები იქ გამართონ, იქ მედიაც არსებობს და ამას გააშუქებს“.
კილბამ აქცია ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს შექმნილი მდგომარეობით ახსნა, სადაც ბოლო დროს მიტინგების გამართვა მიზეზით და უმიზეზოდ ხდება.