სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ის ელჩს ოკუპირებული აფხაზეთიდან მომდინარე გამოწვევები და საფრთხეები გააცნეს

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე გააცნეს, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან მომდინარეობს.
სუს-ის წარმომადგენლებმა ელჩს საოკუპაციო ზოლზე ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვისა და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის მაისში მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს.
იან კელიმ შეშფოთება გამოხატა ე.წ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის ფაქტის გამო.
„ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ ვაღიარებთ არანაირ ხაზს, ადმინისტრაციულ საზღვარს და შესაბამისად, არც არანაირ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულება არის ის, რომ საქართველო არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ თუ დაიხურება სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, ეს შეზღუდავს მოქალაქეების, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების უფლებას და ეს ადამიანები მიეკუთვნებიან ყველაზე უფრო დაუცველ ფენას. ესენი არიან: სკოლის მოსწავლეები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ განათლება მიიღონ და რომელთაც მოუწევთ 50 კმ. გაიარონ ფეხით იმ შემთხვევაში, თუ ეს დაიხურება. ესენი არიან მოხუცები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, სამედიცინო დახმარება მათ შორის. ესენი არიან სხვადასხვა ოჯახები, რომელთაც უნდათ, რომ ნათესავებთან ერთად გაატარონ საზეიმო და სამგლოვიარო დღეები და ჩვენ ამის გამო ძალიან ღრმად ვართ შეწუხებული. რაც შეეხება მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება ეს გადაწყვეტილება იყოს შეცვლილი, ჩვენ ამ საკითხებს,რასაკვირველია, წინ წამოვწევთ ეუთოს ფარგლებში და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები