აშშ-ს ელჩმა ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დახურვა ადამიანების უფლებების დარღვევად შეაფასა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ოტობაია-ორსანტიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დახურვის საკითხს გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა.
იან კელიმ აღნიშნული ქმედება ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა.
„მინდა ჩემი პირადი და ასევე, აშშ-ს შეშფოთება გამოვხატო დეფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც ორი ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვას ეხება. ეს იქნება ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. აშშ საქართველოს ტერიტორიების მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე შევხვდი და ვაპირებ, ეს საკითხი გაერო-შიც წამოვაყენო“, – განაცხადა იან კელიმ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა ოტობაიასა და ნაბაკევის ე.წ. გადასასვლელების დახურვას აპირებს.