დიმიტრი ქუმსიშვილი: გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა

”საქართველოში მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი, განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივად განახორციელოთ ექსპორტის პროცედურები”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტრანზიტზე მიმავალი ტვირთების გატარება მარტივდება.
მინისტრმა საქართველოს საბაჟოს საქმიანობა დადებითად შეაფასა და უწყების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
”საქართველოში მხოლოდ 15 წუთშია შესაძლებელი, განაბაჟოთ საქონელი და კიდევ უფრო მარტივად განახორციელოთ ექსპორტის პროცედურები. ძალიან მარტივად ხდება ტრანზიტზე მიმავალი ტვირთების გატარება. როდესაც ჩვენ ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგზე ვლაპარაკობთ, მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ვაჭრობა და სწორედ ამ კომპონენტზე აისახება თქვენი ღვაწლი, ის დამოკიდებულება, რაც გაგაჩნიათ ბიზნესის მიმართ. ერთი მხრივ, აბსოლუტურად სამართლიანია, როდესაც თქვენ იცავთ კანონს მთელი სიმკაცრით, არ აძლევთ შესაძლებლობას კონტრაბანდას, რომ ქვეყანაში გაჩნდეს, რაც ხელს უწყობს ჯანსაღ კონკურენციას და არა მხოლოდ შემოსავლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში. მეორე მხრივ, თქვენი კეთილგანწყობა ბიზნესისადმი, თქვენი მომსახურება, საბოლოო ჯამში, აისახება სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 90 პროცენტზე მეტმა საქართველოს საბაჟო ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა.
”საერთაშორისო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 90%-ზე მეტმა საქართველოს საბაჟო, ბიზნესისადმი მეგობრულ და ბიზნესის ხელშემწყობ სტრუქტურად დაასახელა. მინდა იამაყოთ ამ მიღწევით, მაგრამ ამავე დროს, გააუმჯობესოთ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, როგორც კანონის დაცვის, ასევე ბიზნესის მომსახურების მიმართულებით“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები