გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი დასრულდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) 1 მილიონიანი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროექტი დასრულდა.
პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს.
სასტუმრო „თბილისი რუმსში“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში – ნილს სკოტმა მიმართეს.
პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარებოს პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) თანამონაწილეობით.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ათ დაცულ ტერიტორიასა და ეროვნულ პარკში რამდენიმე ინფრასტრუქტული პროექტი განხორციელდა. განახლდა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობები და ტურისტებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნიკით აღიჭურვა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და რეინჯერთა სამსახურები.
მნიშვნელოვანია სოციალური კომპონენტი, რაც გულისხმობს სახელფასო დანამატს პარკების ადმინისტრაციების თანამშრომელთათვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას და დანამატს საკვებზე ღამისთევის პატრულირებაში მონაწილე რეინჯერებისათვის.
დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც ემსახურება გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები