ეკა ბესელია სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე: აქ არავითარი ტრაგედია არ არის
დახურულ კომიტეტს დღეს მოსამართლეთა არჩევის უფრო სხვა და უფრო მაღალი სტანდარტი აქვს, ვიდრე მაშინ როდესაც წარვადგენდით ხოლმე მოსამართლის კანდიდატს, სადაც არავითარი წინასწარი შერჩევის პროცედურები არ არსებობდა, – ამის შესახებ „მოამბესთან“ ინტერვიუში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენის პროცედურა ხელახლა ჩატარდება და მთავრობა ახალ სიას აპრილამდე წარადგენს. როგორც ეკა ბესელია ამბობს, მომხდარი ტრაგედია არ არის და ამ საკითხს არავინ უყურებს, როგორც დრამატულ პროცესს.
„აბსოლუტურად შეუსაბამო და გაურკვეველი, აბსოლუტურად არაკომპეტენტური შეფასებები ისმის და კეთდება. მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, ვინც ნაადრევი ჟივილ-ხივილი მოაწყო, რომ ეს არის პროცედურა და დახურულ კომიტეტს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი და ბოლო პერიოდში არაერთი ქვეყანა იყო, რომელსაც უთხრეს, რომ წარმოედგინა ახალი სია.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ევა გოცირიძის მიმართ იყო ყველაზე მაღალი შეფასებები და კარგი პოზიციები, უბრალოდ მისი შეფასება ვერ მოასწრო მრჩეველთა საბჭომ, რომელიც აწვდის წინასწარ დასკვნებს დახურულ კომიტეტს, იმიტომ რომ ამ ნაწილში შეიცვალა ერთ-ერთი ქალი კანდიდატი და გოცირიძე მოგვიანებით იყო ამ სიაში წარმოდგენილი და მისი შეფასება მრჩეველთა კომისიამ ვერ მოახერხა, თუმცა კომიტეტს მის მიმართ ჰქონდა ძალიან პოზიტიური განწყობა“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ვინ წარმოადგენს საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – კანდიდატების შესარჩევად ქართულ მხარეს ხელახალი კონკურსის გამოცხადება მოუწევს.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს დღეს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საკმარისი ხმები ვერცერთმა მათგანმა ვერ მიიღო.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე იყვნენ წარდგენილები. ისინი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა ქართულმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია.