მანანა კობახიძე: თუ გავხდები მოსამართლე, პასუხისმგებელი ვიქნები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და სხვა არავის წინაშე

”თუ გავხდები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და სხვა არავის წინაშე“ – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუნდმა მას ნდობა გამოუცხადა არა როგორც პარტიის და ფრაქციის წევრს, არამედ როგორც იურისტს. კობახიძე აცხადებს, რომ მას საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

”პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ ირღვეოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. მე ვფიქრობ, იმაზე დიდი პატივი არაფერია, რომ იურისტს მოგეცეს შესაძლებლობა ემსახურო კონსტიტუციის უზენაესობას ქვეყანაში და იყო კონსტიტუციის მცველი და მოდარაჯე. გუნდში იყო მსჯელობა გარკვეულ საკითხებზე, იყო მოსაზრებები სხვადასხვა კანდიდატურასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო ჯამში გუნდმა გადაწყვიტა ასე. ეს არის გამოწვევა. პირველ რიგში ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღე, რომ პოლიტიკა დავტოვე და გადმოვედი სამართლის სფეროში. მადლობა გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის და ეს ნდობა გამომიცხადა არა როგორც ფრაქციის და პარტიის წევრს, არამედ როგორც იურისტს”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მოსამართლე მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის წინაშეა ვალდებული და არა რაიმე პოლიტიკური ინტერესების. ”თუ გავხდები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი ვიქნები საქართველოს კონსტიტუციის, როგორც უზენაესი კანონის წინაშე და სხვა არავის წინაშე. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილებას მივიღებ ნებისმიერ საქმეში მოსარჩელისა და მოპასუხის არგუმენტების მოსმენით, მტკიცებულებების შესწავლით, სპეციალისტების და ექსპერტების პოზიციის მოსმენით და შინაგანი რწმენით. მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის წინაშეა მოსამართლე ვალდებული და არა პოლიტიკური ინტერესების წინაშე. ვფიქრობ, ვინც არ უნდა დაეყენებინა საპარლამენტო უმრავლესობას, ყველას მიმართ იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან მსგავსი განცხადებები, ამიტომ არ შევალ დისკუსიაში. დანარჩენს საზოგადოება ნახავს, როდესაც ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე იქნება, მისი როგორც მოსამართლის ხელმოწერა”, -განაცხადა კობახიძემ.

მისივე განმარტებით, თუ მოსარჩელე დაარწმუნებს, რომ მის მიერ დეპუტატობისას ხელმოწერილი კანონი არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, რა თქმა უნდა, ის მოაწერს ხელს ასეთი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას.

”მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ეს კანონი ყოველგვარ კავშირს წყვეტს კანონმდებელთან. ამის შემდეგ ესა თუ ის კანონი თუ არღვევს კონსტიტუციას და არის ამასთან დაკავშირებით სარჩელი, რა თქმა უნდა, მოსამართლე ვალდებულია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმეში არსებული არგუმენტებისა და მტკიცებულებების შესწავლის შედეგად. კანონმდებლის ოთხწლიანი საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ დამეხმარება იმაში, რომ ობიექტურად და ყველა მხრივ შევაფასო ესა თუ ის კანონი. კანონზე შესაძლოა იყოს ჩემი ხელმოწერა, კანონი შესაძლოა იყოს ჩემი ინიცირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული. თუ მოსარჩელე დამარწმუნებს და იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ის კანონი, რომელსაც მხარი დავუჭირე, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს, რა თქმა უნდა, მე მოვაწერ ხელს ასეთი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას”, – განაცხადა კობახიძემ.

ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მანანა კობახიძე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები