ზაზა ბიბილაშვილი: ყრილობამ არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი

“ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი“, – ამ სიტყვებით ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
როგორც ბიბილაშვილი განმარტავს, ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. მისივე თქმით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილს თავისი პოზიცია საჯაროდ ერთხელაც არ დაუფიქსირებია.
„ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო. ყრილობამ უბრალოდ, ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავს მოხვეული თამაშის წესების მიღება, რასაც არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ. მეტიც, ეს გაუგებარი იქნებოდა საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს არც ერთხელ საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როცა ეს პოზიცია დაფიქსირდება, მას პატივს ვცემთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ივანიშვილი არაა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ციხისა თუ მოცემულობის ტყვეობაში ამყოფოს ადამიანები“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მეშვიდე ყრილობა გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ პარტიის გენერალურ მდივნად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი რჩება. მოგვიანებით კი ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად დარჩენაზე და პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით, მას პოზიცია არ გამოუხატავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები