წილოსანი – ილია მეორეზე: მაშინ, როდესაც ერი განსაცდელის, დაპირისპირების და გაუცხოების წინაშე იდგა, მან სიყვარულითა და სიმშვიდით შეძლო ადამიანების გაერთიანება
“ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლის გარდაცვალება უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, მისმა უწმინდესობამ თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობით შექმნა სულიერი საძირკველი, რომელზეც თანამედროვე საქართველო დგას.
“მან სიყვარულით და მტკიცე რწმენით გადაალახინა საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმძიმესი ქარტეხილები. მაშინ, როდესაც ერი განსაცდელის, დაპირისპირების და გაუცხოების წინაშე იდგა, მან სიყვარულითა და სიმშვიდით შეძლო ადამიანების გაერთიანება.
მან ააშენა დანგრეული ეკლესიები და განაახლა რწმენის ლამპარი თითოეულ ქრისტიანში. მისი ღვაწლი არ შემოიფარგლებოდა ეკლესიის აღორძინებით, მან ადამიანთა გულებში სიყვარული გააღვიძა, გააძლიერა სულიერი ერთობა და შექმნა ის საფუძველი, რომელზეც მრევლისა და მთელი ერის ერთიანობა დგას.
როგორც თავად გვმოძღვრავდა: „სიყვარული არის ძალა, რომელიც ამარცხებს ყოველგვარ ბოროტებას.“ სწორედ ამ გზას გვიტოვებს იგი – გზას ერთობისა, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემისა.
მისი ღვაწლით ეკლესია იქცა არა მხოლოდ სარწმუნოების, არამედ საზოგადოების შეკრებისა და თანადგომის ადგილად. მან გააძლიერა ოჯახი, როგორც უმთავრესი ღირებულება და თითოეულ ჩვენგანს შეგვახსენა, რომ ერის სიმტკიცე იწყება ადამიანებს შორის სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით.
მან მოგვინათლა შვილები და გვასწავლა უფლის სიყვარული. მისი მეშვეობით ოჯახის სიწმინდემ ყოველგვარ უკუღმართობაზე გაიმარჯვა. ჩვენმა სულიერმა მამამ მოგვცა სულიერი საზრდო და მაშინაც კი, როცა მსოფლიოში ეკლესიის კარები მძვინვარე პანდემიამ ჩარაზა – მისი რწმენით, ქართული ტაძრები მუდამ ღია დარჩა მორწმუნეთათვის.
მისმა უწმინდესობამ დაგვიტოვა ფასდაუდებელი სიტყვები, ლოცვები, საგალობლები და იმედი – გამთლიანების, მშვიდობის და საქართველოს უკვდავების.
დღეს, ამ მძიმე წუთებში, ვაცნობიერებთ, რომ მის მიერ დანთებული სულიერი სინათლე არ ჩაქრება – იგი გაგრძელდება ჩვენს ერთობაში, რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულში.
მან დაიმკვიდრა უკვდავი სახელი ქვეყანასა ზედა და შეუერთდა ზეციურ საქართველოს.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც მისი სიტყვა, ლოცვა და სიყვარული იყო სულიერი საყრდენი.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის უწმინდესობას”, – წერს წილოსანი.