დავით ზალკალიანის შეფასებით, ენგურზე გადაადგილების შეზღუდვა ადამიანის უფლების დარღვევაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამშვები პუნქტების რაოდენობის შემცირებას ადამიანის უფლების კიდევ ერთ დარღვევად აფასებს.
ზალკალიანი იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე აღმოიფხვრება და იქ მცხოვრებ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისუფლად გადაადგილდნენ.
“ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის, აშშ-ს ნორვეგიის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების დელეგაციებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთოს მსგავსი ქმედება და მისცეს იქ მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების უფლება”, – აცხადებს დავით ზალკალიანი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში თვითგამოცხადებული მთავრობა მდინარე ენგურზე, იანვარში, 2 გამშვებ პუნქტს დახურავს. დე ფაქტო ხელისუფლებაში მესამე გამშვები პუნქტის დახურვასაც არ გამორიცხავენ. ე.წ. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნაბაკევისა და ოტობაიას გამშვები პუნქტები დაიხურება.
ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი 4 ე.წ. გამშვები პუნქტი მოქმედებს. 2017 წლის დასაწყისში, აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარზე ორი გამშვები პუნქტი დახურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები