გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ქარის ტურბინების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის Vestas Wind Systems-ის აღმასრულებელ დირექტორ ანდერს რუნევადსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე კლიმატური ცვლილებები და ენერგოუსაფრთოების საკითხები განიხილეს.
მხარეებმა საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალსა და განახლებადი ენერგიის შესაძლებლობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის პროექტებში ახალი ინვესტიციების მიმართვის მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს, რომელიც სანდო სატრანზიტო ქვეყანა და რეგიონის ენერგეტიკული ცენტრია, აქვს განახლებადი ენერგიის თითქმის ყველა წყაროს (ჰიდრო, მზისა და ქარის) შთამბეჭდავი რესურსი. მისივე თქმით, საქართველოში უკვე ამოქმედდა 20.7 მეგავატის სიმძლავრის პირველი ქარის ელექტროსადგური “ქართლი 1”.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების როლზე ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებაში, რაც, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის.
დანიური კომპანია Vestas Wind Systems-ი, რომელიც 1898 წელს დაარსდა, მსოფლიოში ქარის გენერატორების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. კომპანია ასევე აწარმოებს ქარის ტურბინების პროექტირებას, მონტაჟსა და მათ მომსახურებას. დღესდღეობით Vestas Wind Systems-ის ქარის გენერატორები განთავსებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები