ლერი ფავლენიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

21 იანვარს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება ლერი ფავლენიშვილის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხცადეს,, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი 50-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ასევე კოლაჟები.
ლერი ფავლენიშვილმა (1939-2015) თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მხატვარ-არქიტექტორის სპეციალობით 1966 წელს დაამთავრა. იგი მუშაობდა წიგნების მხატვარ-გამფორმებლად. გამოცემულია მის მიერ ილუსტრირებული არაერთი წიგნი: ,,მცხეთა“ (ათტომეული), ,,საქართველოს სამონეტო განძები“, ,,არქეოლოგიური ლექსიკონი“, ,,არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში“ და სხვა. აგრეთვე, აღსანიშნავია ვახუშტი ბაგრატიონის ,,საქართველოს ატლასი“, რისთვისაც ლერი ფავლენიშვილი სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს. 2014 წელს კი გამოიცა მისი ალბომი ,,თბილისი“.
ლერი ფავლენიშვილი იყო საქართველოს მხატვართა კავშირისა და საფრანგეთის მხატვართა ასოციაციის წევრი. მას მიღებული აქვს საფრანგეთის რენე პუს უმაღლესი ჯილდოები, ასევე საფრანგეთის ქალაქ ოტორივის საპატიო მოქალაქის წოდება და მედალი. მისი ნამუშევრები ინახება საფრანგეთში, ფერნან რუს ფონდში, საარბრიუკენის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიასა და რუსეთში. მხატვარი მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის მადრიდში, ზაარბრიუკენში, ტულუზასა და მოსკოვში.
გამოფენა 2017 წლის 29 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები