დღეს ნათლისღებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა და ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.
წმ. სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას, მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: “ესე არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წირვის დასრულებამდე, სამების ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შეასრულებს. უწმინდესი ახლადნაკურთხ წყალს ტაძარში მლოცველებს ასხურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები