„მეოცე საუკუნის აღმოჩენები“: გია ყანჩელის „ქარით დატირებული“ ლონდონში აჟღერდება

25 იანვარს, ლონდონის  „როიალ ფესტივალ ჰოლში“ მეოცე საუკუნის დიდ კომპოზიტორების მოუსმენენ. ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი  ვლადიმირ იუროვსკის დირიჟორობით მართავს კონცერტს: „მეოცე საუკუნის აღმოჩენები“, სადაც, ჩეხ ბოჰუსლავ მარტინუს (1890–1959) და ინგლისელ რეიფ ვონ უილიამზის (1872–1958) ნაწარმოებებთან ერთად, აჟღერდება ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის მუსიკა.
როგორც „კვირას“ ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა ლონდონიდან აცნობა, „ქარით დატირებული“ – ასე ჰქვია გია ყანჩელის ლიტურგიას სოლო ალტისა და ორკესტრისათვის, რომელიც კომპოზიტორმა 1989 წელს შექმნა და გამოჩენილი მუსიკისმცოდე გივი ორჯონიკიძის ხსოვნას მიუძღვნა. სწორედ „ქარით დატირებული“ აჟღერდება ლონდონში.
„ეს ნაწარმოები ადრეც არაერთხელ აჟღერებულა სხვადასხვა ორკესტრის და დირიჟორების მიერ, მაგრამ თანამედროვეობის უნიჭიერესი მუსიკოსის, ვლადიმირ იუროვსკის მიერ მისი გამორჩევა და მეოცე საუკუნის დიდ კომპოზიტორად აღიარება, მართლაც, ძალზე ამაღელვებელი და საამაყო ამბავია.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მალე გია ყანჩელის სხვა ქმნილებებიც აჟღერდება და მთელი კონცერტი მის მუსიკას დაეთმობა.
ჭეშმარიტად დგება ჟამი, რომ მოხდეს ქართველი კომპოზიტორის დაგვიანებული, მაგრამ სამართლიანი აღიარება. მეოცე საუკუნის მუსიკალური პანორამა ამ სახელის გარეშე სრულყოფილი ნადვილად ვერ იქნება“, – განუცხადა „კვირას“ გიორგი ლალიაშვილმა.
25 იანვრის კონცერტზე გია ყანჩელსაც ელოდებიან, რაც უფრო სხვანაირ ელფერს ჰმატებს აღნიშნულ საღამოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები