თიბილოვი რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების დაგეგმილ გაერთიანებას მიესალმება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ ცხინვალმა “რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის წესის“ თაობაზე, მოსკოვთან დაგეგმილ შეთანხმებაზე სამუშაოს საკუთარი ნაწილი უკვე შეასრულა და ახლა რუსეთის მხრიდან დასრულებულ პროექტს ელის. თიბილოვი ასევე ამბობს, რომ ოკუპირებულ რეგიონს „უნდა ჰქონდეს თავდაცვის საკუთარი სისტემა და შეიარაღებული ძალები“.
თავის მხრივ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის მინისტრი“ იბრაჰიმ გასეევი აცხადებს, რომ 2017 წელს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები გაერთიანდება. მისი ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმება უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში მისი ხელმოწერა შედგება.
„მას შემდეგ, რაც შეთანხმება ძალაში შევა, რუსეთი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბილეთებს აღიარებს“, – განუცხადა ე.წ. მინისტრმა გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს.
გასეევმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახურის შემთხვევაში, ოს სამხედროებს სამხედრო წოდებები შეუნარჩუნდეთ. ე.წ. თავდაცვის მინისტრი ასევე აცხადებს, რომ გაერთიანების შემდეგ, სამინისტრო და მისი საბრძოლო ქვედანაყოფები შენარჩუნებული იქნება.