„ოპტიმისტური პროგნოზით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა წლის ბოლომდე გაგრძელდება“

პარლამენტის ვიცე სპიკერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კონსტიტუციაზე 4 თვეში მუშაობა ამბიციური გეგმაა, თუმცა, ოპტიმისტური პროგნოზით, კომისიის მუშაობა წლის ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნული განცხადება ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა: „საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პრინციპი შემდეგია: შეიქმნება წინადადებების ბანკი. ყველა თავის მოსაზრებას ჩამოაყალიბებს და შემდეგ სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ წინადადებების შეჯერებას. აქ იქნება პროექტად უმრავლესობის მიერ რაღაც ჩამოყალიბებული ვარიანტის აღება. ყველა წინადადების განხილვა მოხდება. საბოლოო შეჯერებული ვარიანტს კი გაიცნობს საზოგადოება, გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და მოხდება საყოველთაო სახალხო განხილვა.“ ვიცე-სპიკერის განცხადებით, კონსტიტუციის პირველადი პროექტი და საბოლოო ვარიანტი ერთი და იგივე ნამდვილად არ იქნება: „შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუციის პროექტის თავდაპირველი ვარიანტი შესაძლებელია საბოლოო ვარიანტისგან საკმაოდ განსხვავებული იყოს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სერიოზული მნიშვნელობა ექნება. ის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვაქვს და იმას მივიღებთ, რაც ჩვენ გვინდა, ამ მიმართულებით წასვლას არ ვაპირებთ“.
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა 4 თვეში პროექტის დადება ეს არის ამბიციური გეგმა და კარგია რომ ამბიციური გეგმა არსებობს, თუმცა, მისივე შეფასებით, ოპტიმისტური პროგნოზით, პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები