ზვიად ძიძიგური – „ნაციონალების“ გახლეჩვის პროცესი საქართველოს საკრებულოებშიც გაგრძელდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩვა არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, არამედ თვითმმართველობის ორგანოებსაც შეეხებათ და პროცესები მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებშიც გაგრძელდება. აღნიშნული განცხადება ძიძიგურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ნაციონალების“ დავა არ მგონია მოკლე ხანში დასრულდეს. ეს არ არის კრიზისი. ეს არის ორ ნაწილად გახლეჩა და არ მგონია, რომელიმე ნაწილს რაიმე სერიოზული პერსპექტივა ჰქონდეს. ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალტანჯული საქმიანობის შემდეგ დასასრულისკენ წაიყვანა თავისი საქმიანობა. პროცესები არა მხოლოდ პარლამენტს ან თბილისის საკრებულოს ეხება, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოში დაიწყება,“ – აღნიშნა ძიძიგურმა.
მისივე შეფასებით „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ვერაფერს შეცვლის, რადგანაც 7500 ადამიანის შეკრება ძალის დემონსტრირებას არ ნიშნავს: „როცა სააკაშვილი აცხადებს, რაოდენობრივად ცოტა ადამიანი წავიდა პარტიიდან და ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებსო, სასაცილო არგუმენტია. პარტია დატოვა ძირითადმა სახეებმა. საერთოდ, პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად ასახელებს ყველაზე რეიტინგულ ადამიანს. მათ კი დავით ბაქრაძე ჰყავდათ დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატად, რომელმაც პარტია დატოვა. გარდა ამისა, ვერ დავეთანხმები, რომ 7500 კაციანი ყრილობა თურმე ძალის დემონსტრირება ყოფილა. „კონსერვატორებმა“ შარშან 500 კაციანი ყრილობა ჩავატარეთ, მაგრამ არ გვითქვამს, რომ ეს ძალის დემონსტრირება იყო.“
როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, სააკაშვილის გეგმა ისევ რევოლუციას უკავშირდება, თუმცა, მისივე განცხადებით, შეუძლებელია საქართველოში ვინმემ რევოლუციური სცენარი განახორციელოს და ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები