ანი მიროტაძე – დარგის ექსპერტებს თუ მოუსმენენ, საკონსტიტუციო ცვლილებები ნაკლებად მტკივნეული იქნება

„ეროვნული ფორუმი“ საკონსტიტუციო კომისიის მიღმა დარჩა, თუმცა, აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობას განსაკუთრებულად აკვირდებიან და მათთვის მთავარ საკითხად საარჩევნო სისტემები რჩება. როგორც ანი მიროტაძემ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, კომისიას ვადის გაგრძელება აუცილებლად მოუწევს.
„საუკეთესო შემთხვევაში, კომისიას მუშაობის ვადის გახანგრძლივება მოუწევს. ალბათ, იქნება შეტევა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. სავარაუდოდ, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეეცდებიან მაჟორიტარული არჩევნების დაკანონებას. ვფიქრობ, ძალიან ცოტა დროა. ვინაიდან დაანონსებული 30 აპრილი პირველი პროექტის წარმოსადგენად საკმაოდ მოკლე დროა, კომისია ვადას გააგრძელებს. ქვეყნის მთავარ კანონს ცოტა მეტი და ღრმა მუშაობა სჭირდება. მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდიც ფიქრობდა, რომ დაახლოებით 30 წელი უნდა ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, თუმცა არ გამოუვიდათ. დაველოდები, კომისიის წევრებს ეყოფათ თუ არა შესაბამისი კომპეტენცია. თუმცა, კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან დარგის ექსპერტები და ამ ადამიანებს თუ მოუსმენენ, საკონსტიტუციო ცვლილებები ალბათ ნაკლებად მტკივნეული იქნება,“ – აღნიშნა მიროტაძემ.
მისივე განმარტებით, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მთავარ პრიორიტეტად საარჩევნო კოდექსი რჩება: „მეეჭვება, დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ცვლილებები მივიღოთ. კონსტიტუციას, ბუნებრივია, სჭირდება გადახედვა, რადგანაც არაერთი ძალიან ბუნდოვანი მუხლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს ვიღაცის ინტერესებზე მორგებული. ამ ეტაპზე ვის რა წინადადება აქვს, არ ვიცი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორი იქნება საარჩევნო კოდექსი.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები