ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინება გაიმართება

17 იანვარს, 18:30 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით ვახტანგ კოტეტიშვილის „წერილების“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კრებული ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების პირველ პუბლიკაციებსა და რეპუბლიკაციებს წარმოადგენს, რომელიც მეოცე საუკუნის 10-20-იანი წლების პრესამ და ვახტანგ კოტეტიშვილის პირადმა არქივმა შემოინახა. წერილები როგორც კონკრეტული პიროვნების, ასევე იმ რთული და წინააღმდეგობრივი ეპოქის უტყუარი სურათია. წიგნი, რომელიც უნიკალური, მართლაც, რენესანსული ტიპის მოღვაწის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე გამოიცა, გვაცნობს მას, როგორც ლიტერატურის კრიტიკოსს, ახალი ესთეტიკის შემქმნელს და, ამასთან ერთად, როგორც საზოგადო მოღვაწეს, რომელსაც შესაძლებლად მიაჩნდა ეროვნული და სოციალური საკითხების ჰარმონიზებულად გადაწყვეტა.
შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ნონა კუპრეიშვილმა.
რედაქტორები: ამირან არაბული, ნანა კოტეტიშვილი, თამარ ლონდარიძე.
წიგნი გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები