ექვთიმე თაყაიშვილის „თხზულებების“ I ტომის წარდგინება გაიმართება

17 იანვარს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, გამომცემლობა „არტანუჯის“ ორგანიზებით, ექვთიმე თაყაიშვილის „თხზულებების“ I ტომის წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის ქცეული.
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომად არის ჩაფიქრებული.
I ტომში შევიდა მეცნიერის მიერ ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციების მასალები და კვლევის შედეგების დიდი ნაწილი: „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს“; „1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში“ (ანგარიშის როგორც ქართული, ისე რუსული ვერსია); „სამუსულმანო საქართველო“.
აქედან 1917 წლის ექსპედიციის მასალები დღემდე მხოლოდ ერთხელ გამოიცა, 1907 წლის ექსპედიციის ანგარიში კი ორჯერვე ილუსტრაციების გარეშე დაიბეჭდა. ახალ გამოცემას ახლავს როგორც ილუსტრაციები, ისე გაერთიანებული საძიებლები.
სერიის მთავარი რედაქტორია – როინ მეტრეველი. I ტომის რედაქტორი – ბუბა კუდავა. სარედაქციო კოლეგია – ნათელა ვაჩნაძე, არჩილ კოხრეიძე, გოჩა საითიძე.
წიგნი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები