ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის – ,,სვირის’’ წარდგინება გაიმართება

13 იანვარს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  ნიკო ფიროსმანაშვილის სურათის – ,,სვირის“ წარდგინება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დამთვალიერებელს  შესაძლებლობა ექნება, 39 წლის შემდეგ, პირველად იხილოს სურათი ,,სვირი“.
ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე ,,სვირი“ გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ გამოიფინა (1957 წ; 1968 წ; 1978 წ). 1978 წლის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი აღარ უნახავს ფართო საზოგადოებას.
ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,სვირი“ პირველად გამოიფინება დამთვალიერებელთათვის.
აქვე გაცნობებთ, რომ ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში“ და ,,დათვი მთვარიან ღამეს“.
სურათის წარდგინება გაიმართება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (შოთა რუსთაველის გამზირი 11).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები