რუსმა ოკუპანტებმა სოფელ წებელდაში მე-19 საუკუნის ტაძარი დაანგრიეს
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ წებელდაში რუსმა ოკუპანტებმა სასაფლაოსთან მდებარე მე-19 საუკუნის ტაძარი დაანგრიეს. ამის შესახებ რადიოსადგური “ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც ადგილობრივმა დეპუტატმა გენადი შინკუბამ რადიოს კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, რუსი სამხედროები აქ წვრთნების ჩატარებას გეგმავენ და მათ ეკლესია ბულდოზერით დაანგრიეს. შინკუბამ ასევე განაცხადა, რომ ადრე, წებელდას ტერიტორიაზე კომპაქტურად ცხოვრობდნენ პოლონელები, რომლებიც ამ ტაძრის მახლობლად მიცვალებულებს მარხავდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა ეკლესიის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ცნობისთვის, 2011 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ წებელდას მიმდებარე ტერიტორია ე.წ. თავდაცვის სამინისტროს გადასცა, რათა აქ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოსთან ერთობლივი სამხედრო სწავლებები ჩატარებულიყო. მესაზღვრეებმა აქ სამხედრო პოლიგონი ააშენეს.
„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, პოლიგონის მშენებლობის პროცესში სასაფლაოებიც განადგურდა.