ფარული ჩანაწერების საქმეზე დაზარალებული დაკითხეს – რატომ გაათავისუფლეს კუდის მაღალჩინოსნები?

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთა გათავისუფლების დეტალებზე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საქმის პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი დეტალურად განმარტავს.
რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ 9 თვის განმავლობაში სასამართლოში საქმის დასრულება?- ამ კითხვით „პრაიმტაიმმა“ პროკურორ მაია ჯვარშეიშვილს მიმართა, რომელიც ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება რამდენიმე სხვადასხვა ეტაპს მოიცავს და მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქმის სასამართლოში განხილვა.
მისი თქმით, მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა და დაკითხა ასზე მეტი მოწმე, გამოიკვლია მტკიცებულებები. თუმცა ფაქტია, რომ დაცვის მხარის მიზეზით გადაიდო 5 სხდომა. ამ სხდომებზე, რომელიც მთელი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, ბრალდების მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესრულებინა მტკიცებულებათა გამოკვლევა. ყველა ამ სხდომაზე, ბრალდების მხარე სასამართლოში წარმოადგენდა დასაკითხ მოწმეებს. სამწუხაროდ, ამ ადამიანთა დაკითხვა ვერ ხერხდებოდა, რაც მათ სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ბრალდების მხარემ პრაქტიკულად ამოწურა მტკიცებულებათა გამოკვლევა. შესაბამისად, იყო თუ არა შესაძლებელი იმ თვენახევრის განმავლობაში საქმის განხილვის დასრულება, როცა სხდომები არ იმართებოდა, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ უდავოდ იყო. რაც შეეხება კითხვას, ნიშნავს თუ არა საპატიმრო ვადის ამოწურვა და აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ბრალდებულთათვის წარდგენილი ქმედების დადასტურებას ან დაუდასტურებლობას, პროკურორი პასუხობს, რომ ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის.
„გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილია ბრალდებულის პატიმრობის ვადა და ის შეადგენს 9 თვეს. სასამართლო, იმ პირობებში, როცა დაცვის მხარის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებამ გამოიწვია საპატიმრო ვადის ამოწურვა, ვალდებული იყო, გაეუქმებინა გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება და ეს შედეგი არანაირად არ უკავშირდება ბრალდების დადასტურებას ან დაუდასტურებლობას. ბრალდებულები, ვასილ ლელუაშვილი ირაკლი ყიფშიძე, რევაზ შიუკაშვილი და გიგლა შიოშვილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულნი იქნენ 2016 წლის 8 აპრილს. გამოძიების მიერ არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დაინიშნა და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები. სასამართლო განხილვისას, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები. დაიკითხნენ მოწმეები. ვინაიდან დაცვის მხარემ ვერ შეძლო, ბრალდების მხარის მტკიცებულებებისთვის რაიმე ღირებული მტკიცებულება დაეპირისპირებინა, მიმართა ამ გზას, საქმის განხილვის გაჭიანურებით მიეღწია ბრალდებულთა მოკლევადიანი თავისუფლებისთვის. საქმის განხილვა გაგრძელდება იმ პირობებში, როცა ბრალდებულები არ იქნებიან პატიმრობაში, ბრალდების მხარე უზრუნველყოფს თავისი მტკიცებულებების პრაქტიკულად ერთ სასამართლო სხდომაში ამოწურვას და თუ კვლავ არ იქნა მცდელობები საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებისა, მიმდინარე თვის ბოლოს სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, განაჩენი გამოიტანოს მოცემულ საქმეზე, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, მხოლოდ გამამტყუნებელი იქნება“,-განაცხადა საქმის პროკურორმა.
გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ დახურულ სასამართლო სხდომაზე ფარული მიყურადების ერთ-ერთი მსხვერპლი დაკითხეს.
გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულმა ჩვენება სკაიპის მეშვეობით უცხოეთიდან მისცა, მაგრამ მოსამართლემ ეს ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო, ვინაიდან სკაიპით ჩართვის დროს პირის იდენტიფიცირება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების მოპოვება-შენახვაში ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები რევაზ შიუკაშვილი, ირაკლი ყიფშიძე და გიგლა შიოშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 5 იანვარს განთავისუფლდნენ. საქმე ის გახლავთ, რომ მათ ნაწილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ამოეწურათ და კანონის თანახმად, ისინი სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას ციხის გარეთ დაელოდებიან. მანამდე კი პროკურატურის თანხმობით წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეეცვალა კიდევ ერთ ბრალდებულს, ზურაბ პავლიაშვილს. რაც შეეხება ამავე საქმეში მხილებულ ვასილ ლელუაშვილს, ის საპატიმროში რჩება, რადგან მსჯავრი სხვა საქმეზე დაედო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები