მანანა კობახიძე: თურმე ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე

სამწუხაროა, რაც მოხდა! ორმაგად სამწუხარო, რადგან, თურმე ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე მომხდარ თავდასხმას.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ძალადობას გამართლება არ აქვს.
„სამწუხაროა, რაც მოხდა! ორმაგად სამწუხარო, რადგან, თურმე ადამიანმა სწორედ ამ დღეს მამა დაკრძალა და ასეთ დროს მტერსაც კი თანავუგრძნობთ ხოლმე! არცერთ შემთხვევაში, ძალადობას გამართლება არა აქვს, ეს დანაშაულია და დასჯადია! ჩვენ ნუ დავემსგავსებით მათ, ვისაც უსამართლობის გამო ვებრძოდით და ვინც, საზოგადოებამ სწორედ, ადამიანებზე ძალადობის და უსაზღვრო ცინიზმის გამო ჩამოაშორა ხელისუფლებას! კანონის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის! აი, “ფეხქვეშ მიწის წვის” მუქარით კი, სამწუხაროდ, თავადვე, ისევ იმ დროს ახსენებენ საზოგადოებას, მართლა მიწა რომ იწვოდა ათასობით დაპატიმრებული, ნაწამები, დასახიჩრებული, გაუბედურებული ადამიანის და მათი ოჯახის წევრების ფეხქვეშ, რაც არამგონია მართებული იყოს და ხელს ნამდვილად არ უწყობს ამ მძიმე წარსულის დავიწყებას თუ პატიებას“, –წერს მანანა კობახიძე.
ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ.
ლევან გაჩეჩილაძის შვილის, რატი გაჩეჩილაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები