სისხლიანი ახალი წელი აფხაზეთში – ოკუპირებულ რეგიონში ახალი წლის დღეებში 4 მკვლელობა მოხდა
„სისხლიანი ახალი წელი – ოთხი გვამი დღესასწაულის დღეებში“. ამ სათაურით სტატიას სააგენტო „სპუტნიკ აბხაზია“ აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე 4 მკვლელობა მოხდა.
ე.წ. შს სამინისტროა ინფორმაციით, გუდაუთის რაიონის სოფელ ბარმიშში მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც ზურგში სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს. დაკავებულია მისი შვილი. ასევე, პოლიციამ 26 წლის სოხუმის მკვიდრის ცხედარი აღმოაჩინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ბესლან კვიცინიას ცხედარი ოჩამჩირის რაიონში, ტყეში იპოვეს.
კიდევ ერთი მკვლელობა 3 იანვარს გაგრაში, სასტუმრო „აბხაზიასთან“ მოხდა. ორმა მამაკაცმა ავტომობილიდან 55 წლის რუსლან ბენიას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად ბენია ადგილზე გარდაიცვალა. .
კიდევ ერთი ცხედარი სოხუმის მორგში ამ დღეებში მიასვენეს, ის დამწვარია და გვამის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ახალი წლის დღეებში მომხდარი მკვლელობების გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი გამართა.