პატრიარქი: ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში

ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში.
ეპისტოლეს თანახმად, ამიტომაც არის, რომ შობის დღესასწაულს უშუალოდ მოჰყვება ნათლისღების დღესასწაული, რომელიც განუყოფლად არის მასთან დაკავშირებული.
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, საერო დასნო, საყვარელნო დანო და ძმანო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო! დღეს ბეთლემი „ცათა მობაძავ იქმნა, ვარსკვლავთა წილ ანგელოზნი ჰქონან მაქებელად და სამყაროს ეფინება საოცარი საგალობელი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.“ ყოველნო ერნო, „ აღიპყრენნით ხელნი თქვენნი და ღაღადებდით ღმრთისა მიმართ ხმითა სიხარულისაჲთა, რამეთუ ქრისტე იშვა და ევა მწუხარებისაგან იხსნა; ქრისტე იშვა და ქუეყანაჲ აღეშენა; ქრისტე იშვა და ერი განმხიარულდა.” (შობის საგალობელი) ღვთის განკაცების ამ დიად დღეს გავიხსენოთ კაცობრიობის თავდაპირველი ისტორიაც. ჩვენს წინაპრებს, ადამს და ევას, ედემში ღმერთთან უშუალო კავშირი ჰქონდათ და უფლისმიერი მადლით კიდევ უფრო წარემატებოდნენ. შემოქმედისაგან ისინი განმსჭვალულნი იყვნენ საოცარი სიყვარულით და ამ სიყვარულს თვითონაც გასცემდნენ, რაც თანხობასა და ნეტარებაში მათ მკვიდრობას განაპირობებდა. აკრძალული ნაყოფის მიღებამ არსებული სრულყოფილი ჰარმონიის რღვევა გამოიწვია რადგან, ეს არ იყო უბრალო ქმედება; იგი იყო გამოვლინება იმისა, რომ რეალურად ადამმა და ევამ უარი თქვეს საღვთო წესრიგზე, ბოროტი ძალისაგან შთაგონებულ ამპარტავნებას, პატივმოყვარეობასა და შურს დაემონნენ და კეთილისაგან უკეთურისაკენ მიიდრიკნენ. ასე შემოვიდა ცოდვა და ცოდვასთან ერთად სიკვდილი. ასე დაეცა ადამიანური ბუნება. ადამთან ერთად დაეცა მისი განმგებლობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი მთელი ხილული სამყარო. სულიწმინდის მადლი პირველმშობლებს განეშორა, რადგან აღარ ჰქონდათ მისი დატევნის უნარი; შედეგად კი დადგა ხორციელი და, რაც მთავარია, სულიერი სიკვდილი. მადლისაგან განძარცვულ პირველმშობელთა ბუნება ხრწნას დაექვემდებარა, ამასთან, მათ დაეკარგათ ჭეშმარიტი თავისუფლების განცდა და დაუმახნიჯდათ როგორც გარემოს, ისე ღმერთის აღქმა. გაუკუღმართებული აზროვნების გამო კი მათში გაბატონდა ხორციელი ცნობიერება. სიკეთის მოკლებით გაჩენილ ცოდვათა ერთობლიობა არის ადამიანის ბუნების დაცემული მდგომარეობა, რომელსაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი. ყოველივე ეს კი ათასწლეულების მანძილზე იმემკვიდრა კაცთა მოდგმამ. მხოლოდშობილი ძე ღვთისა ოცი საუკუნის წინ მოევლინა სამყაროს. უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, დაუსაბამო დასაბამიერი გახდა, უხილავი ღმერთი ბაგაში მწოლ ჩვილ ყრმად წარუდგა სოფელს, რათა მარადიული სიკვდილისათვის განწირული ადამის მოდგმა თავისი თავის მსხვერპლად გაღებით გამოეხსნა და ცოდვათა აღხოცვით ჩვენთვის დაკარგული მადლისმიერი ძეობა დაებრუნებინა. „ეჰა, დიდებული და საკვირველი საიდუმლო, ეჰა, შესაძრწუნებელი სალხინებელი!” (შობის საგალობელი). იესო ქრისტემ დაცემული კაცობრივი ბუნება თავის ღვთაებრივ პიროვნებაში შეურევნელად შეიერთა, განაახლა, სამების წიაღში ზეცად აიყვანა და საღრმთო დიდებით განაბრწყინა. თუ პირველ მშობელთაგან მემკვიდრეობით მივიღეთ ხრწნილება და სიკვდილი, ახალ ადამში, ქრისტეში, ყოველმა ადამიანმა ცოდვისგან სრული გათავისუფლების მადლი მიიღო. ამისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, ყოვლადწმინდა სამებისადმი ჭეშმარიტი რწმენით ნათლობა, აღმსარებლობა იმისა, რომ იესო ქრისტე არის ბუნებითი ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მხსნელი და მაცხოვარი სულთა ჩვენთა. ნათლობა არის მეორე ადამის, ქრისტეს, წიაღში ჩვენი სულიერი შობა, რომლის დროსაც გვენიჭება სულიწმინდის ბეჭედი, ის ცხოველმყოფელი მადლი, რაც დავკარგეთ სამოთხეში და, ამასთან, გვენიჭება უნარი მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვებისა. ახალი ადამის შობით კაცობრიობა ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავებულ ორ ნაწილად გაიყო და დაიწყო სრულიად ახალი ერა. თუ პირველმა ადამმა და მისმა მოდგმამ ჩადენილი ცოდვის გამო, დიდი სინანულის მიუხედავად, ვერ შეძლო დანაშაულის გამოსყიდვა, ახალი ადამის განხორციელების შედეგად, მრავალჯერადი შეცოდების შემთხვევაშიც, ქრისტიანს, ვიდრე ხორციელ აღსასრულამდე, ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყოველთვის შეუძლია ნათლობით მიღებულ მადლთან და სულიერ მდგომარეობასთან დაბრუნება. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ნათლობა არის მხოლოდ დასაწყისი ჩვენი განღმრთობისა. შემდგომი წინსვლა კი ჩვენი პირადი ღვაწლითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა განხორციელდეს. ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის უდიდესი დღესასწაულია, რასაც სრულად ვეზიარებით, როდესაც ნათლისღების გზით ახლად ვიშვებით ქრისტეში. ამიტომაც არის, რომ შობის დღესასწაულს უშუალოდ მოჰყვება ნათლისღების დღესასწაული, რომელიც განუყოფლად არის მასთან დაკავშირებული. ნათლობით მიღებული მადლი არის უდიდესი საბოძვარი, რომელსაც სრულად ვერც ვაცნობიერებთ. ეს განსაკუთრებით ითქმის ძველი ადამიდან ახალი ადამის წიაღში მოქცეულებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ რწმენის გზაზე და მათზეც, რომელნიც დიდი ხნის წინ მოინათლნენ, მაგრამ ცოდვის მრავალგვარობას ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამეთუ მხოლოდ პირადი შეხედულებებითა და ამქვეყნიური კანონებით განსჯიან. აუცილებელი კი არის წმიდა წერილში გაცხადებული მცნებებისა და სწავლებების გათავისება, რათა სულიერი თვალი აგვეხილოს და ავის და კარგის, ცოდვის და მადლის გარჩევა ვისწავლოთ,“ – ნათქვამია ეპისტოლეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები