შიდა ქართლში, ადგილობრივ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე საირიგაციო წყლის სუბსიდირების საკითხები განიხილეს

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, კომპანიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

განხილვის თემა იყო საირიგაციო წყლის მომსახურების სუბსიდირების სქემა, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დროულად გაფორმების საჭიროება, ასევე, 2026 წლის სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

გენერალური დირექტორის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები და რწყვის სეზონის დაწყებამდე ფერმერებთან პირდაპირი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არსებულ საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის.

კომპანიის კომერციულმა დირექტორმა მამელი ქობალიამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ წყალმომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორ მართვას, სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების გარანტირებულ მორწყვას. „საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს, კომპანიასთან დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგის ხელშეკრულებები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში ჩატარდა; ფერმერებმა მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე, მათ შორის – რა შედეგებს მოიტანს ახალი ტარიფი სამელიორაციო სისტემის განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

მსგავსი შეხვედრები დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში, რათა წყალმომხმარებლებმა მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია, დროულად გააფორმონ ხელშეკრულებები, რაც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები