“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლებში შემცირდა, ის მაინც უფრო მაღალია”

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლებში შემცირდა, ის მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშია“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დროს განაცხადა. ამასთან, როგორც გვენეტაძე აცხადებს, კურსის მოკლევადიანი მერყეობა ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას. ”მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შეუძლებელია კურსის მოკლევადიანი პერიოდის ცვლილების პროგნოზირება. ამავე დროს, როგორიც უნდა იყოს მოლოდინებით გამოწვეული კურსის მოკლევადიანი მერყეობა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ის ყოველთვის უბრუნდება გრძელვადიან, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით განპირობებულ ტრენდს, რადგან შეუძლებელია ფუნდამენტური ფაქტორებიდან მნიშვნელოვნად გადახრილი კურსის დიდხანს შენარჩუნება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ კურსის მოკლევადიანი მერყეობა ხელს უწყობს კურსის გრძელვადიან სტაბილურობას. გრძელვადიან პერიოდში გაცვლითი კურსის დინამიკა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის ტემპზე, და მეორე მხრივ – ინფლაციის დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ბოლო წლებში შემცირდა, ის მაინც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშია.
2015-2016 წლებში საქართველო, ისევე, როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნები, საგარეო შოკის წინაშე დადგა.
ასეთ დროს მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს: პირველი – კურსის ხელოვნური გამყარებაა, რაც რეზერვების ხარჯვის, ან მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრებით მიიღწევა. ამას კი, თავის მხრივ, გარდაუვლად მოჰყვება ეკონომიკის ზრდის შეფერხება და უმუშევრობის ზრდა. შარშან სავალუტო შოკზე რეაგირების ამგვარი გზა რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ აირჩია, შედეგად მიიღეს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და დასაქმებულთა რიცხვის შემცირება. რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურება, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, მტკივნეულია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სესხები დოლარით აქვს აღებული. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერიოდში ის არბილებს საგარეო შოკის გადმოცემას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას.
სწორედ გაცვლითი კურსის მერყეობაზე სწორი რეაგირებაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში, ძლიერი საგარეო შოკის ზეგავლენის მიუხედავად, მაინც არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა. და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკა მცირდება.
ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი პროგნოზები აქვს. კურსის გაუფასურების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე უარი არის ყველაზე სწორი რეაქცია საგარეო შოკზე, რაც უზრუნველყოფს შოკის გადატანას ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები