მაჟორიტართა ბიუროების რაოდენობა იზრდება

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ”მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტართა ბიუროების რაოდენობა 73-დან 95-მდე იზრდება.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
„ქვეყნის მასშტაბით 73 ბიურო ფუნქციონირებდა და გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საარჩევნო სისტემა, სავალდებულო წესით საჭირო გახდა ბიუროების რაოდენობის გაზრდა. ანუ თითო მაჟორიტარზე იყო ერთი ბიურო, გარდა ამისა, იმ რაიონებში, სადაც არ აირჩევა ცალკე მაჟორიტარი, საჭირო გახდა ბიუროების შენარჩუნება. ასეთი შემთხვევა გვაქვს 22 რაიონში და ნაცვლად არსებული 73-სა, იფუნქციონირებს 95 ბიურო. წინა დებულების თანახმად, თითოზე გათვალისწინებული იყო 5 ათასი ლარი თვეში, ჩვენ გადავწყვიტეთ არ გაგვეზარდა ადმინისტრაციული ხარჯები და იმ ბიუჯეტის ფარგლებში დავრჩენილიყავით, რომელიც წინა დებულებით იყო განსაზღვრული. ამან ცალკეული ბიუროების ხარჯის შემცირება გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ, რომ სამართლიანი ფორმულა არის შემოთავაზებული, როდესაც ვრჩებით იგივე ბიუჯეტზე, რომელიც გვქონდა წინა წლების განმავლობაში და ახალი ცვლილებებით ეს თანხები სამართლიანად გადანაწილდა მაჟორიტარ დეპუტატებსა და ბიუროებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საარჩევნო სისტემის და მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრების ცვლილებების გამო დეპუტატების ბიუროს ყოველთვიური დაფინანსება შემდეგნაირად გადანაწილდა: თითოეულ საარჩევნო ოლქში განთავსებულ ბიუროს ყოველთვიურად 4300 ლარი გამოეყოფა, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული, ყოველთვიურ დაფინანსებას თითო დამატებით მუნიციპალიტეტზე 2390 ლარი დაემატება.
სხდომის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები