“2008 წლის ომი დასრულებული არ იყო, ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პრემიერი სტამბოლში ბარებიდან ვერ გამოგვყავდა”

„არ დამავიწყდება, როცა 2008 წლის ომი დასრულებული არ იყო, ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი სტამბოლში ბარებიდან ვერ გამოგვყავდა, – ერთი ბარიდან მეორეში დადიოდა საქეიფოდ და სირცხვილით სად დავმალულიყავით, არ ვიცოდით“ , – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მისამართით განაცხადა.
თუმცა, ზვიად კვაჭანტირაძემ სხდომაზე მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვინაობა არ დაასახელა.
“თქვენი ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, რომლის მიერ დეკლარირებული კურსი რეალური კურსისგან ყოველთვის განსხვავდებოდა. პირადად მე, ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, თქვენ მართლაც გადადგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას გაცილებით მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა იმ პროცესების მიმართ, რასაც ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია ჰქვია. აღარ ვლაპარაკობ იმ ტრაგედიაზე, რომელიც ქვეყანას 2008 წელს დამართეთ. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აიცილებთ იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც რუსეთთან ომის წარმართვა ჰქვია. არც ისე შორს იყო 2008 წელი და ყველას ძალიან კარგად გვახოვს, როგორ იმართებოდა ქვეყანა ომის წინ, ომის დღეებში და ომის შემდეგ”, – მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კვაჭანტირაძემ.
ცნობისათვის, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს გენერალური კონსული იყო თურქეთის რესპუბლიკაში.
პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. რეზოლუციის პროექტი ფრაქცია ”ქართულმა ოცნებამ” მოამზადა და ის 12-პუნქტისგან შედგება.
პროექტის თანახმად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს ამოცანად ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ცხადდება.
უალტერნატივო პრიორიტეტად ცხადდება საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში, ხოლო ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ – ამერიკის შეერთებული შტატები.
რეზოლუცია ხაზს უსვამს მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის აუცილებლობას.
გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთთან, რაც მიზნად ისახავს საგარეო პოლიტიკური საფრთხეების მინიმიზაციას, საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად ცხადდება გეოპოლიტიკური მდებარეობის ქმედითი გამოყენება, ეკონომიკური განვითარების შეუფერხებლობა და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ღირსეული დაბრუნება და რეინტეგრაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები