პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.
”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტს 2015 წლის ივლისში წარუდგინა, დღეს, მესამე მოსმენით – 87 ხმით, ერთხმად მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილება სულ რვა კანონში განხორციელდა.
საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. კანონში კონკრეტდება მოსამართლეთა თანამდებობაზე გამწესების მახასიათებლები – თუ რა პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების მატარებელი უნდა იყოს პირი, რომ ის მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნოს.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 16 წევრით განისაზღვრება, ნაცვლად პლენუმის მიერ რაოდენობის განსაზღვრისა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის შექმნა.
ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადების გათვალისწინებით, ”საერთო სასამართლეობის შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებში აისახა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები გამოსცდელი ვადის გავლის და ასევე, საკვალიფიკაციო გამოცდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისად, გამოსცდელი ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან სავალდებულო შეფასებას, უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები აღარ დაექვემდებარებიან.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ ვარიანტში ასახული აღარ არის ის რამდენიმე სიახლე, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში მთავრობამ მოამზადა. კერძოდ, აღარ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი. გარდა ამისა, სასამართლოების თავმჯდომარეებს კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს, ნაცვლად მოსამართლეების მიერ თავმჯდომარეების არჩევისა, რაც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტში იყო წარმოდგენილი. ეს უკანასკნელი საკითხი პარლამენტში ცხადე დებატების თემას წარმოადგენდა, რამაც პროექტის მიღება გააჭიანურა კიდეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები