გიორგი კვირიკაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან

“საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, ჩვენი ქვეყნის წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში სტიმულს აძლევს გარდაქმნების პროცესს აღმოსავლეთ სამეზობლოში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2016 წელი შეაჯამა.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და მიღწევებზე ისაუბრა.
„გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, ვრცლად ისაუბრა ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და მიღწევებზე, რომელიც ჩვენ ამ პრიორიტეტების რეალიზაციის მიმართულებით მივიღეთ. მე მოკლედ შევეხები რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ პასუხისმგებლობას იმ გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთა წინაშეც დღეს ცივილიზებული მსოფლიო დგას და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა და სრული მასშტაბით ამოქმედდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება.
პრემიერმა ვიზალიბერალიზაციაზეც ვრცლად ისაუბრა.
„მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილების მიმღებმა ევროკავშირის სამივე სტრუქტურამ და ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით ყველა საჭირო პროცედურის დასრულებას, იმისათვის რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები, პრინციპული გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. საქართველო პირველად მოხვდა ევროკავშირის სტრატეგიის დოკუმენტში, რომლის თანახმადაც, ჩვენი ქვეყნის წარმატება მშვიდობიანი და სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონტექსტში, სტიმულს აძლევს გარდაქმნების პროცესს აღმოსავლეთ სამეზობლოში. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც“, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, 2016 წელს გაძლიერდა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი და მიღებულ იქნა ახალი ინიციატივები.
„აღსანიშნავია, რომ 2016 წელს საქართველო მიწვეულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე მიმდინარე სტრატეგიულ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ყოველდღიურად ვამტკიცებთ კავშირებს ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან, მათ შორის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მინდა მოგახსენოთ, რომ უკვე შედგა პირველი კონტაქტები ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან. მომავალში, ჩვენ ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად“, -განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
კვირიკაშვილის თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის” შესახებ.
“გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერმა მმართველობით რეფორმაზეც ისაუბრა.
„ჩვენ შევიმუშავეთ მმართველობითი რეფორმა, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა ერთიანი „ბიზნესსახლის” პროექტი, რომლის მშენებლობაც 2017 წლიდან დაიწყება და სადაც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბიზნესს მოემსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. ამასთან ერთად, დაიხვეწება და გაუმჯობესდება ონლაინმომსახურება, დაემატება ახალი დისტანციური სერვისები და მოხდება სახელმწიფო სერვისების საფასურის ოპტიმიზაცია. ეს რეფორმა სხვა ანალოგიურ პლატფორმასთან ერთად, ხელს შეუწყობს საზოგადოების მონაწილეობას მმართველობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და, შესაბამისად, ხალხს ექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, აკონტროლოს ხელისუფლება და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული მმართველობის პროცესში“, -აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები