პრემიერ-მინისტრი: სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა

“სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის შედეგების შეჯამებისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში გაიხსნება ამბროლაურის აეროდრომი, რომლის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, აეროპორტების მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად დაიწყება.
„ჩვენ უდიდესი სამუშაო გავწიეთ და მოვამზადეთ 4-პუნქტიანი გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტი – ქვეყნის სწორი სივრცითი მოწყობის ზუსტი ხედვა და კონცეფცია.
პრაქტიკულად, ეს ჩვენი ქვეყნის ახალ გეოგრაფიულ, გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ მოწყობას ნიშნავს, ეს ნიშნავს სრულიად ახალ შესაძლებლობებს, როგორც ქვეყნის გარეთ პოზიციონირებისთვის რეგიონსა და მსოფლიოში, ასევე ქვეყნის შიგნით, ჩვენივე მოქალაქეებისთვის.
დიახ, ეს არის, ისევ და ისევ, თანამედროვე მოთხოვნებზე და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული მოწყობა. ყველა ძირითადი სერვისი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში.
ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქვეყნის განვითარებაში სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება. სივრცითი რეფორმის ფარგლებში, მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება.
სივრცითი მოწყობით, საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა. იწყება ახალი აეროპორტების მშენებლობა. უახლოეს დღეებში კი ჩვენ უკვე გავხსნით ამბროლაურის აეროდრომს, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ.
ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს – ბაკურიანი, გუდაური – ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები წყალმომარაგების სისტემები, ატრაქციები, რომლებიც ამ კურორტებზე ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას.
ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც. ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები