რაულ ხაჯიმბა – ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს არაფერ დადებითს არ აძლევს
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი აფხაზეთს არაფერ დადებითს არ აძლევს.
“ჟენევის დისკუსიები ჩვენ მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ მსოფლიო საზოგადოებამდე ჩვენი პოზიციები მივიტანოთ, მეტი არაფრისთვის. ჟენევის დისკუსიები არაფერ დადებითს არ აძლევს აფხაზეთს. საუბარი მიდის გარკვეულ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას – ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს ის უფლებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, რატომ არ ვრცელდება ისინი ჩვენზე? რატომ ვერ გადიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩვენი სპორტსმენები, მსახიობები? რატომ ითხოვთ ჩვენგან გალის რაიონის მცხოვრებლების უფლებების დაცვას? და ვინ თქვა, რომ ჩვენ მათ ვავიწროებთ? მოგონილი ისტორიები კარგს არაფერს მოიტანს. აფხაზეთის მოსახლეობასაც, მისი ნაციონალური წარმომავლობის განურჩევლად, აქვს უფლება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს”, – განაცხადა ხაჯიმბამ.
ხაჯიმბამ დღეს ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გამართა.
პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ „აფხაზეთის პრიორიტეტი კვლავ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების გაღრმავება იქნება“.