სოფიო კილაძე: ნამდვილად ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომ საკონსტიტუციო კომისია არ არის წარმომადგენლობითი

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა სოფიო კილაძემ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ. კილაძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს განცხადებებს კომისიის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით.
”რაც შეეხება წარმომადგენლობის საკითხს, ნამდვილად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებებს, რომ ეს საკონსტიტუციო კომისია არ არის წარმომადგენლობითი. პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესაც კი შეუძლია მთლიანად ჩაერთოს და ნაყოფიერად იმუშაოს ჩვენთან ერთად ამ კომისიის ფარგლებში. თვითონ განაცხადეს უარი კომისიაში მონაწილეობაზე, თუმცა მათთვის კარი ყოველთვის ღიაა”, – განაცხადა კილაძემ.
მისივე თქმით, კომისია ყველაფერს გააკეთებს, რათა მჭიდრო ვადებში საკონსტიტუციო პროექტი მზად იყოს.
”მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენი გუნდი სისტემურად უდგება კონსტიტუციის გადახედვის საკითხს, რაც არ იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ჩვენ მთლიანად სისტემურად ვუდგებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ, განისაზღვროს ბალანსი კონსტიტუციაში საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმოდგენილი პროექტი ძალიან მჭიდრო ვადებში მზად იყოს. საბოლოო სიტყვა ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს და მთლიანად ქართველ ხალხს და მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი დებულება არ იქნება წარმოდგენილი საბოლოო პროექტში, რომელსაც ვენეციის კომისია არ მოიწონებს”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები